01 ივლისი 2024,   22:08
ვრცლად
"კურიერი P.S.-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა აუდიო-ჩანაწერები, რომელშიც კარგად ისმის, თუ როგორ ძარცვავენ ქოლ-ცენტრების ქართველი თანამშრომლები უცხოელებს

"კურიერი პიესმა" ტრანსნაციონალური, თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე აუდიო-ჩანაწერები მოიპოვა, რომელშიც კარგად ისმის, თუ როგორ ძარცვავენ ქოლ-ცენტრების ქართველი თანამშრომლები უცხოელებს. თაღლითობაში ბრალდებულები დიდი მოგების სანაცვლოდ ადამიანებს კრიპტო ვალუტაში სოლიდური თანხის ინვესტირებას სთავაზობენ. მასალაში, რომელიც "კურიერი პიესმა "მოიპოვა ისმის ქართული დიალოგიც. თაღლითობაში ბრალდებულები დანაშაულებრივი ზარის განხორციელებამდე ერთმანეთში საუბრობენ.

ამასთან, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის პროკურორი, მიხეილ სადრაძე აცხადებს, ბრალდებულები ორგანიზებული ჯგუფის წევრები არიან და გამოძიება გრძელდება და მტკიცებულებითი სტანდარტიც საკმაოდ მაღალია.

"ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს - პირველი, კონკრეტული აიპი-მისამართების ანალიზი, რომლითაც დასტურდება, თუ სად მოქმედებდა ქოლ-ცენტრები; მეორე, ამ ქოლ-ცენტრში რა ვითარება იყო, არსებობს აუდიო ჩანაწერები. არსებობს, ფარული ვიდეო-აუდიო გადაღებები, ასევე, სატელეფონო ჩანაწერები, სადაც პირდაპირ საუბრობენ დანაშაულზე. ეს ჩანაწერები თავისი შინაარსიდან გამომდინარე უბრალოდ, ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა.

რაც შეეხება დაზარალებულებს, ამ ეტაპზე, ეს არის რამდენიმე მილიონი შვეიცარიული ფრანკი და ესენი არიან შვეიცარიის მოქალაქეები, მათ შორის, სამიზნე ჯგუფი არის ასაკში მყოფი ადამიანები," - აღნიშნა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და ვერც პროკურატურამ წარადგინა მყარი მტკიცებულებები.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც 2 მცირეწლოვანი შვილის დედას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნია, აპატიმრებენ მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი შუამდგომლობის საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენ გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში," - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

გამოძიების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს.

 

დღის ამბები