სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო სპეციალური მოწყობილობები და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც, ოფიციალური ცნობითვე, საქართველოს გავლით, უკრაინიდან რუსეთში გაჰქონდათ.
გამოძიების ინფორმაციითვე, პროცესში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე. მოქმედებებს კი ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, ანდრეი შარაშიძე, რომელიც 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი იყო პარტიიდან "ხალხის მსახური".
ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების ნივთიერება ცე-ოთხს შეიცავდა, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით.
საქმეზე კითხვა დაუსვეს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, რომელიც პარლამენტში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაურმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მან უსაფრთხოების სამსახურს ჩატარებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.
"უსაფრთხოების სამსახური იძიებს, მათი საქმეა და ახლა ჩემი განცხადებები არასწორი იქნება. ჩემი აზრით, ჯობია, რომ განცხადებები თვითონ გააკეთონ. რაც დადეს ეს არის ფაქტი, რეალობა, ამოღებული ეს ყველაფერი და სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა.
უსაფრთხოების სამსახურს დიდი მადლობა, რომ ამხელა, მართლაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ჩაატარეს,“ - განაცხადა შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.