ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მეწყრული პროცესები გააქტიურდა - საჭირო გახდა ორი ოჯახის უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა.
არსებულ ვითარებას გეოლოგები შეაფასებენ. მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილმა ქვა-ღორღმა მიაღწია საცხოვრებელ ზონამდე - ერთ-ერთი ოჯახის ეზოს ღობეც გადალახა და სახლამდე ახლოს მივიდა. სწორედ ამან განაპირობა სასწრაფოდ ზომების მიღება.
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი აცხადებს, რომ ორი დაზარალებული ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ქირით.
"როგორც სურამში, აქაც განვითარდა მეწყრული პროცესი. სურამში უფრო დიდი მაშტაბისაა. აქ მხოლოდ ორ ოჯახს ემუქრება საფრთხე. ისინი, ამ ეტაპზე, ნათესავებთან არიან გადასულები და შემდეგში ჩვენ უზრუნველვყოფთ ქირით. აქ გეოლოგიური შესწავლა მოხდება და შემდეგ გადაწყდება, რა უნდა მოხდეს," - აცხადებს მერი.