27 ივლისი 2024,   04:36
ვრცლად
სპორტის სამყაროს ყველა მნიშვნელოვანი სიახლე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. კონტინენტის პირველობას ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს. ტურნირი სტარტს ხვალ აიღებს. ევროპირველობაზე, საქართველოს სახელით, 12 ძალოსანი იასპარეზებს, აქედან 2 ქალთა თანრიგში გამოვა. მძიმე წონის მთავარ ფავორიტს, ლაშა ტალახაძეს ფიცარნაგზე 20 თებერვალს ვიხილავთ. შარშან ევროპის ჩემპიონატი ერევანში ჩატარდა. ქართველი ძალოსნების მონაგარი 2 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი იყო.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა, ევერობასკეტი 2025-ის სასტარტო საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სიაში მოხვდა ახალი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ჯო ტომასონიც. საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, 23 თებერვალს დანიასთან გასვლითი მატჩით გახსნის, 26-ში კი - თბილისში სერბეთს დაუპირისპირდება.

თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი კარგი მატჩი და მისი გუნდის მორიგი გამარჯვება. იტალიის სერია A-ში "ვირტუს ბოლონიამ" "სკაფატის" უმასპინძლა და, დიდი სხვაობით, 94:67 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და, ამ დროში, 8 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ვირტუსი, 20 ტურის შემდეგ, 15 მოგებით და 5 მარცხით ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი თასზე გათამაშებაზე 15 თებერვალს "რეჯიო ემილიასთან" გამართავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით ელიტ კატეგორიის მსაჯთა შეკრება დაიწყო, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები სიახლეებს თამაშის წესებთან დაკავშირებით გაეცნობიან და მონაწილეობას მიიღებენ VAR-ის სიმულაციებში. სემინარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი უძღვება და მასში ასევე მონაწილეობას ფიფასა და უეფას კვალიფიციური ინსტრუქტორებიც იღებენ.

კოტ დიუვარი აფრიკის თასის გამარჯვებულია. ტურნირის მასპინძელი ფინალში ნიგერიას დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. 38-ე წუთზე ნიგერია დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოხერხა. ანგარიში 62-ესპოერტის საზე კესიმ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი - სებასტიან ალემ გაიტანა, რომელმაც ლამაზი დარტყმით ნიგერიელთა კარის აღება შეძლო და კოტ დ"იუვარს აფრიკის თასი მესამედ მოაგებინა.

მარათონში მსოფლიო რეკორდის მფლობელი, 24 წლის კენიელი კელვინ კიპტუმი სამშობლოში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. კიპტუმი კენიის მაღალმთიან რეგიონში სავარჯიშოდ იმყოფებოდა, როცა ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ის ბოლო წლებში მარათონის უპირველესი ვარსკვლავი იყო. გასულ წელს მან ლონდონისა და ჩიკაგოს გარბენები მოიგო. ჩიკაგოში მან 42 კილომეტრი და 195 მეტრი 2 საათსა და 35 წამში დაფარა და მისივე თანამემამულეს რეკორდი დაამხო.

დღის ამბები