29 სექტემბერი 2024,   03:07
ვრცლად
ის თავს მორალურად ამაყად გრძნობს, მხნედ არის, მაგრამ სამწუხაროდ ფიზიკურად არის დაუძლურებული - თორნიკე მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. პატიმარმა ციხე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის დასკვნის საფუძველზე დატოვა. სასჯელის მოხდამდე მას დაახლოებით 1 წელი და 9 თვე ჰქონდა დარჩენილი.

მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ ის თავს მხნედ გრძნობს, თუმცა ფიზიკურად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დაუძლურებულია.

„ის თავს მორალურად ამაყად გრძნობს, მხნედ არის, მაგრამ სამწუხაროდ ფიზიკურად არის დაუძლურებული. მოლოდინი ამ 7 წლის განმავლობაში არა ერთხელ გვქონია, არა ერთხელ ყოფილა პირობა, რომ უნდა გათავისუფლებულიყო. ამიტომაც უდოს კომისიას მივმართეთ წინა წლის ნოემბერში და მოლოდინი მართალი გითხრათ  არ გვქონდა, რადგანაც არა ერთხელ ყოფილა პირობა იმისა რომ უნდა გათავისუფლებულიყო. ჩემთვისაც, მისთვისაც, ყველასთვის მოულოდნელი იყო. თავად დამიკავშირდა, მაცნობა ეს სასიხარულო ამბავი,“ - აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.

განცხადება გაავრცელა სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც, რომელიც მამალაძეს სამართლებრივ დახმარებას უწევდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.

საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის ჯანმრთელობის საყურადღებო მდგომარეობა. ამასთან, გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე. 

„როდესაც გიორგი მამალაძის საქმეზე დანიშნული ეს ვადა გავიდა გასული წლის ნოემბერში, წარდგენილი იქნა შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით. საბჭომ განიხილა ეს შუამდგომლობა, თუმცა მიიჩნია, რომ მას სჭირდებოდა დამატებითი დრო, რადგან ადეკვატურად შეეფასებინა საქმეში არსებული გარემოება, ამიტომ 3 თვით გახანგრძლივდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი და თებერვალში დასრულდა. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა წარდგენილ იქნა დაზარალებულის ნოტარულად დამოწმებული თანხმობა, სადაც ის თანახმა იყო დეკანოზის მიმართ გამოყენებულიყო კანონის მიმართ გათვალისწინებული შეღავათები. დეკანოზის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულ პირად არის ცნობილი შორენა თეთრუაშვილი,“ - აცხადებს ”სოციალური სამართლიანობის ცენტრის” სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.

პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდიდან ის პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

დღის ამბები