29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. "ხარისხის შეფასებისთვის სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც", - აცხადებენ სამინისტროში.

ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესში გათვალისწინებული იქნება ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, თანმხლები დაავადებები და ა.შ.

"შეფასების ინდიკატორების ნუსხას ჯანდაცვის სამინისტრო მარტის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც განსაზღვრული იქნება მეთოდოლოგია, დათვლის წესი და წყაროები. სამუშაო პროცესში სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

აღნიშნული ინსტრუმენტი, შემდგომ ეტაპზე, გამოყენებული იქნება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტორებისთვის.

ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები