21 აგვისტო 2026,   07:42
ვრცლად
ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულ ხიდიროვს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებული ელდარ ხიდიროვი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

ის ერთ-ერთია იმ 6 დაკავებულს შორის, რომელიც პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში აიყვანა.

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

"იყენებს დუმილის უფლებას. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ საუბრობს. დუმილის უფლება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ განიხილა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა. ბრალდების მხარე ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. დაცვის მხარის პოზიცია იყო, რომ პატიმრობა არ იყო მიზანშეწონილი და აუცილებელი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს შევთავაზეთ, რომ გამოეყენებინა გირაო, თუმცა სასამართლომ დაინახა ის რისკები და საფრთხეები, რომლებზეც განმარტება გააკეთა და ბრალდებულს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა", - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოსაპოვებელი მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. შესაბამისად, მოსამართლემ ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

"მოცემულ სიტუაციაში არსებობდა მიმალვის, მოსაპოვებელი მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ბრალდებულს ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და რეალიზაცია, სამ ეპიზოდში. მის მიმართ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებები - განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, როდესაც გადაღებული იქნა აუდიო-ვიდეო მასალა. ჩატარდა საექსპერტო კვლევებიო, იქაც დადგინდა ფაქტი, რომ ეს ნივთიერებები, რომლებსაც ასაღებდა ბრალდებული, მართლაც შეიცავ ნარკოტიკულ საშუალებას", - განაცხადა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.

დღის ამბები