უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, "ვეტინგის" სისტემის მომხრე არასამთავრობოებს და პოლიტიკურ პარტიებს სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენების გაზრდა სურთ.
როგორც მიქაუტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უცხოელი სპეციალისტების მხრიდან ქართველი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა.
მოსამართლემ ასევე ისაუბრა მისი ქონების შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებაში გაჟღერებულ ინფორმაციაზეც და თქვა, რომ ცილისწამებისთვის კონკრეტული პირების წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელს ამზადებს. მისივე თქმით, მცდარი ინფორმაციით, გარკვეული ჯგუფები, მოსამართლეების "ვეტინგის" სისტემით შემოწმების საფუძვლის შექმნას ცდილობენ.
"დაწყებული არის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებებით, სატელევიზიო შოუების მოწყობით, ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეუქმნან საფუძველი "ვეტინგის" სისტემით შემოწმების ჩატარებას.
იურისტმა მაია მწარიაშვილმა ჩემს თაობაზე გააკეთა განცხადებები. ეს არის ყოველგვარი მორალისა და ზნეობის უგულებელყოფით მიზანმიმართულად, ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ფაქტების გავრცელება.
ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მწარიაშვილის მსგავსი ადამიანების ასეთი არაკეთილსინდისიერი განცხადებებით შეილახოს ჩემი ოჯახის რეპუტაცია, ამიტომ მე აუცილებლად შევიტან სამოქალაქო სარჩელს გავრცელებული ყალბი ფაქტების უარყოფის მოთხოვნით.
ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელოვნურად შეუქმნან საფუძველი "ვეტინგის" პროცედურას, რისი მიზანიც გახლავთ სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება, გავლენების გაზრდა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენების გაზრდა სასამართლო ხელისუფლებაზე და ამ ფორმით სასამართლო დამოუკიდებლობის შეკვეცა", - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე.