27 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა არის ჩიხში და პრეზიდენტი მისი პოზიციით ცდილობს ეს ვითარება უცვლელი დარჩეს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმისთვის, რომ ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი შესრულდეს, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, აუცილებელია ვეტოს დაძლევა.

"დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში, იმიტომ, რომ წელიწადნახევრის წინ არიან არჩეულნი 6 თვის ვადით ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს 2 წევრი. ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა.

ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროზე, მე, როგორც პარლამენტის წევრი ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში.

სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ეს სურვილი, აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ვეტოს დაძლევას, ბუნებრივია, არ აქვს.

იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი, გამართული არჩევნების ჩატარებას, აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. პლენარული სხდომა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთში დაიწყება. ვეტოს დაძლევას 76 ხმა სჭირდება. უმრავლესობას ამისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

დღის ამბები