28 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
დააკავეს პირი, რომელიც იაპონიიდან საქართველოში ნარკორეალიზაციისთვის ჩამოვიდა - როგორი იყო დანაშაულებრივი სქემა და რა დეტალები გახდა ცნობილი "კურიერისთვის"

ინტერნეტ აპლიკაციის გამოყენებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისთვის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებული იაპონიიდან რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. ირკვევა, რომ 34 წლის ცუკასა აიოკის ტელეგამში, სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის ე.წ. მაღაზია ჰქონდა და მომხმარებლებს მარიხუანას სთავაზობდა. ის კლიენტს თანხას წინასწარ არიცხვინებდა და დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებას სამალავში უტოვებდა.

გამოძიების ინფორმაციით, იაპონელთან ერთად, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო საქართველოს მოქალაქეც. 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ბინაში დააკავა. "კურიერი" დღეს მის ინტერესების დამცველს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კავშირი არ ჰქონია და არც წარდგენილ ბრალს ეთანხმება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის, გასაღების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირების ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 9 პირი. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, "ჰეროინი," "ბუპრენორფინი" და 20 შეკვრად დაფასოებული "ალფა პვპ" . დაკავებულების უმეტესობა წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, მათ შორის, არც ნარკოტიკების შეძენა- შენახვა, რეალიზაციისთვის დაკავებული ელჯარ მამაედოვი. "კურიერის" ინფორმაციით, მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი და მარიხუანა ამოიღო.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

 

დღის ამბები