23 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ვინ არის მამაკაცი, რომელსაც ინტიმური ფოტოების გავრცელებასა და გასაჯაროების მუქარას ედავებიან - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

"კურიერმა" დაადგინა იმ მამაკაცის ვინაობა, რომელსაც ინტიმური ხასიათის ფოტოების გავრცელებასა და მისი გასაჯაროების მუქარას ედავებიან. დაკავებული 43 წლის გიორგი ქაროსანიძეა. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

საქმე, რომლის მასალებში 200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გახსნა.

გამოძიება 19 წლის გოგოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც ბრალდებულის მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. გაშიფრულია დანაშაულის სქემაც.

ბრალის დაზუსტების პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მამაკაცი გადაყვანილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. სწორედ იქ წარედგინა მას ბრალი. პროცესს ესწრებოდა მისი ადვოკატიც.

"პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა და, ამავე დროს, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით - ეს არის სექსუალური იძულება, მხოლოდ ერთი პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა მას ბრალი, 19 წლის გოგოს მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით.

ბრალდებული, ამ ეტაპზე, იყენებს დუმილის უფლებას და ბრალს არ აღიარებს. იყო მოყვარული ფოტოგრაფი, მას სოციალურ ქსელში დაანონსებული ჰქონდა რეკლამა, გოგოების მოძიება, შესაბამისი ჰონორარის გადახდის სანაცვლოდ,"- აცხადებს ადვოკატი ნათელა სივსივაძე.

ბრალის წარდგენის შემდეგ საქმე საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, რომელიც ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაცვის მხარე სასამართლოზე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით წარსდგება. 

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.

"გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გარდა აღმოჩენილ იქნა სხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიცირების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,"-აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

დღის ამბები