ევროპის ჩემპიონატის დღეებში დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდა და რეისების დამატება იყო მთავარი თემა ეკონომიკის მინისტრის მოადგილისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრაზე.
უწყებას დავალება პრემიერ მინისტრმა გუშინ მისცა. გაიმართა მოლაპარაკებები უცხოურ ავიაკომპანიებთანაც, რომლებიც რეისებს საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის ასრულებენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვუზრუნველვყოთ ჩვენი გულშემატკივრების პირდაპირი ფრენებით, ხელმისაწვდომი ფასებით გადაადგილება იმისთვის, რომ მათ შეძლონ და უგულშემატკივრონ ჩვენი ნაკრების მომდევნო გამარჯვებას. სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ყველა ავიაკომპანიასთან იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდეს სწორი სამოქმედო გეგმა და ხედვა თუ როგორ შეიძლება მოხდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენის სტიმულირება ხელმისაწვდომი ფასებით და მათ შორის შესაძლო სუბსიდირების პაკეტით,“ - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.