სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო ორივე მუხლით, ეს არის პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება.
დაცვის მხარის ადვოკატის თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, თუმცა 9 წელი განსაკუთრებით მკაცრი ზომა იყო.
"ეს მოლოდინი გვქონდა, თუმცა 9 წელს მაინც არ ვვარაუდობდით, იმიტომ, რომ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა და 9 წელი, ვფიქრობ, განსაკუთრებულად მკაცრად იყო გამოტანილი განაჩენი. გავასაჩივრებთ კიდეც და მზად გვაქვს განცხადება, რომ მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით", - განაცხადა ადვოკატმა.
საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის თქმით, მტკიცებულებები, რომელიც საქმეში მოიპოვებოდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.
"ბრალდების მხარეს ეს მოლოდინი ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ვინაიდან მტკიცებულებები, რომელიც მოპოვებული იყო, საქმეში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ სხვადასხვა ექსპერტიზები ჩატარდა, მათ შორის, კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრა ზიანი ავტომობილთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დაზარალებულებს, ფაქტობრივი გარემოებები კარგად არის ცნობილი, ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა პოლიციის თანამშრომლის მისამართით, რამაც პოლიციის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ვინც ისვრის, ამასთან დაკავშირებით ჰაბიდოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს არის ლაზარე გრიგორიადისი და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი დაიკითხა სასამართლო პროცესზე.
რაც შეეხება, სხვა ვიდეო ჩანაწერს, მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ბრალდებული ცეცხლს უკიდებს პოლიციის ავტომობილს. ბრალდებულმა, მისი შეთანხმებით მოწვეულ ადვოკატთან ერთად, საკუთარი თავის იდენტიფიცირება, მათ შორის, თვითონ განახორციელა, გარდა იმისა, რომ ექსპერტიზა ამ ვიდეო ჩანაწერთან დაკავშირებითაც იქნა ჩატარებული ", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.