"სალომე ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ბოროტად იარაღივით იყენებს, რომლის გასროლილ ტყვიებს ადრესატად ქართული სახელმწიფო და ქართული კანონი ჰყავს“, - წერს "ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც 2023 წლის მარტის აქციების დროს, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ შეწყალება პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებაა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი კრიმინალების შესაწყალებლად იყენებს.
"შეწყალება საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რომელიც, როგორც წესი, გამონაკლისის სახით გამოიყენება.
ეს გამონაკლისი კი სალომე ზურაბიშვილმა სწორედ კრიმინალების შესაწყალებლად უკვე არაერთხელ გამოიყენა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს ეფუძნება და ამით მართლდება თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ასევე სახელმწიფო ინტერესიც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ამ შემთხვევაშიც კვლავ ყურადღების მიღმა დარჩა.
მან მორიგი კრიმინალი შეიწყალა და ვფიქრობ, ამ შეწყალებისას ის მიზანშეწონილობის საზღვრებს გასცდა.
ყველა სამართალმცოდნემ ვიცით, რომ შეწყალების უფლების გამოყენებისას მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი გარემოებები: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, მისი ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, მანამდე ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება და სხვა.
ამ პირობების გათვალისწინებით, ლოგიკურად ჩნდება კითხვები:
პირველი - შეწყალებისას პრეზიდენტის მიერ იყო თუ არა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი?!
მეორე - შეწყალებისას პრეზიდენტის მიერ იყო თუ არა გათვალისწინებული დამნაშავის ქმედებით დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი?!
მესამე - შეწყალებისას პრეზიდენტის მიერ იყო თუ არა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირის მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს?!
მეოთხე - შეწყალებისას პრეზიდენტის მიერ იყო თუ არა გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება?!
ამ კითხვებზე პასუხი არც მე და, ალბათ, არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს.
გვაქვს მხოლოდ ფაქტები, რომელიც ცხადყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ბოროტად იარაღივით იყენებს, რომლის გასროლილ ტყვიებს ადრესატად ქართული სახელმწიფო და ქართული კანონი ჰყავს.“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.