05 მაისი 2024,   07:09
ვრცლად
"უსაზღვრო სპეკულაციას აქვს ადგილი" - ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთი ვერსიის შესახებ, რომელშიც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდაა მოხსენიებული

ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიას, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფო არის მოხსენიებული, მმართველ გუნდში აფასებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აფხაზეთის ცალკე მოხსენიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორმაგ სტანდარტს, რეზოლუცია კი, პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია.

"აფხაზეთის ცალკე მოხსენიება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რომელიც ამ რეზოლუციის ავტორებს აქვთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. უსაზღვრო სპეკულაციას აქვს ადგილი, გამომდინარე აქედან ვიძახით, რომ ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური სპეკულაციის ნათელი მაგალითი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სიმართლესთან და რეალურ განმარტებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის არასამთავრობო სექტორი გამჭვირვალობა დამღუპველი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან მიმართებაში "არიან დაბოღმილები", ამიტომ ისინი აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებენ.

"არ მიკვირს, რომ კუბილიუსი და მისი მხარდამჭერები საქართველოსთან მიმართებაში არიან იმდენად დაბოღმილები, რომ უკვე აფხაზეთს მოიხსენიებენ ცალკე სახელმწიფოდ . რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ არ მივეცით მათ და მის პატრონებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საშუალება, არ მივეცით სააკაშვილის უკანონოდ გამოსვლის საშუალება, არ მივეცით ხელისუფლების უკანონოდ შეცვლის საშუალება. საქართველო იყო, არის და იქნება, მოუნელებია კუბილიუსის ნაირები და კიდევ სხვანაირები, რომლებიც მტრობენ საქართველოს. მსოფლიო ცივილიზაცია ცნობს ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგიერთი დაბოღმილი ევროპარლამენტარი თურმე არ ცნობს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. ევროპარლამენტის საბოლოო რეზოლუციის პროექტში, რომელსაც დღეს უნდა ეყაროს კენჭი, დოკუმენტის ეს ჩანაწერი გაზიარებული არ არის.

დღის ამბები