05 მაისი 2024,   02:55
ვრცლად
"ეს უნდა გასწორდეს" - ანა ნაცვლიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთი ვერსიის შესახებ, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდაა მოხსენიებული

ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიას, სადაც აფხაზეთი ცალკე სახელმწიფო არის მოხსენიებული, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს ოფიციალურ უწყებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია შესაბამის პირებთან, რათა გასწორდეს აღნიშნული ტექსტი.

"ეს უნდა გასწორდეს, არ ვიცი, რატომ არ არის ამაზე კომუნიკაცია საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან, რომელთა ვალდებულება სწორედ ის არის, რომ ყურადღება მიაქციოს ნებისმიერ ასეთ ტექსტს და ჰქონდეს კომუნიკაცია, რომ შეიცვალოს ეს ტექსტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შესაბამისმა წარმომადგენლებმა უზრუნველყონ ასეთი საკითხების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. გვექნება კომუნიკაცია, როგორც სამინისტროსთან, ასევე - ინიციატორებთან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, საქართველოს ჰყავს მეგობრები, რომლებიც იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტსაც და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსაც.

"საქართველოს ჰყავს მეგობრები. მეგობრები იცავენ სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლაპარაკი იმაზე, ცალკე ხომ არ არის გამოყოფილი მათი მხრიდან აფხაზეთი ეს არის, ფაქტობრივად, იმ დღის წესრიგის გაგრძელება, რომელსაც ქმნის კრემლი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. ევროპარლამენტის საბოლოო რეზოლუციის პროექტში, რომელსაც დღეს უნდა ეყაროს კენჭი, დოკუმენტის ეს ჩანაწერი გაზიარებული არ არის.

დღის ამბები