10 მაისი 2024,   09:30
ვრცლად
ტორნადოს რამდენიმე დამანგრეველი ტალღა ამერიკის 5 შტატში - ნებრასკასა და აიოვაში ბუნებრივი კატასტროფის შედეგებს ებრძვიან

ნებრასკასა და აიოვას შტატებში განგაშია გამოცხადებული. ტორნადოს შედეგად დანგრეულია ასობით სახლი. ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე ათი დაშავებულის შესახებ. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ტორნადოს მოსალოდნელი საფრთხის გამო, კანზასის, მისურის, ოკლაჰომასა და ტეხასის შტატები რისკის ზონად დაასახელა.

ბუნებრივი კატასტროფის შესახებ ნებრასკას მოსახლეობამ შეტყობინება მას შემდეგ მიიღო, რაც სტიქიამ დაუსახლებელი მასივებიდან ქალაქთაშორისი მაგისტრალებისა და დასახლებული პუნქტებისკენ გადაინაცვლა. სტიქიის ზონაში ამ დრომდე 480 000 ადამიანი რჩება, მაშველებმა ერთ-ერთი ჩამონგრეული შენობიდან 70 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავოს ქალაქში გადაადგილებისგან. ადგილზე მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. მიმდინარეობს დანგრეული სახლების სარდაფების შემოწმება. ნებრასკას შტატს ტორნადოს ექვსმა ტალღამ გადაუარა, მეტეოროლოგებმა შექმნილ სიტუაციას ისტორიული უწოდეს.

შტატში ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს სარკინიგზო მიმოსვლა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტორნადოს გამო სატვირთო მატარებელი ამოტრიალდა. განადგურდა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. კრიტიკულია მდგომარეობა აეროპორტში. ტორნადომ საფრენი ბილიკები და თვითმფრინავები დააზიანა, ექსპერტების მიერ აეროპორტის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მგზავრებმა ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით მიიღეს.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, სპეციალისტებს მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ, უამინდობასთან ერთად, განადგურებულია ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურა, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის დამატებით რისკს ქმნის.

დღის ამბები