16 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
სხეულის დაჟეჟილობა, ტვინის შერყევა - თბილისის ქუჩებში უცნობი ნიღბიანები ისევ ძალადობენ

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერზე თავდასხმის მცდელობა დღის მეორე ნახევარში მოხდა. ინფორმაცია ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. დაწერა, რომ "გირჩის" ოფისთან გაჩერებული უცხო ნომრიანი ავტომობილიდან, პირბადიანი მამაკაცი გადმოვიდა და მისკენ დაიძრა, გადმოსვლას აპირებდა მეორეც, რა დროსაც, ჯაფარიძემ მისი კუთვნილი იარაღიდან გამაფრთხილებლად გაისროლა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ორივე თავდამსხმელი გასროლისთანავე გაიქცა.

"გირჩი მეტის თავისუფლების" კიდევ ერთ წევრს, ბორის ჩელე ყურუას, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. თავდასხმის შედეგად, ყურუამ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო. აქვს მოტეხილობა და ტვინის შერყევა.

გუშინვე დაესხნენ თავს პარტია "ახალის" წევრსაც. ნოდარ ჩაჩანიძე ყვება, რომ თავდამსხმელები, რომელთა იდენტიფიცირებაც ვერ შეძლო, მას საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ.

დაზარალებულები მომხდარს საკუთარ პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ და თავდასხმებში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. "ქართული ოცნების" წევრები კი ყველას მოუწოდებენ, წინასწარი შეფასებისგან თავი შეიკავონ. "ყველაფერს გამოძიება დაადგენს" - აცხადებენ უმრავლესობაში. ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია, თუმცა ძალადობის წამახალისებელი კამპანია, მათივე თქმით, ოპოზიციამ დაიწყო.

საპასუხო ბრალდებები აქვ ოპოზიციას, სადაც ამბობენ, რომ ძალადობრივ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირების მოლოდინი არ აქვთ.

სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ძალადობის ფაქტებს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განაპირობებს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ძალადობას ყველა მხარე თანაბრად უნდა გაემიჯნოს. ხელისუფლების პასუხისმგებლობა კი, ყველა ფაქტის სათანადოდ გამოძიებაა.

ძალადობრივი თავდასხმების და პოლიტიკური ბრალდებების პარალელურად, თბილისის ქუჩებში ახალი წარწერებიც გამოჩნდა, ძველი შინაარსით - "ერის მტრები", "ნაცების მფარველები" და "უსამშობლოები". არასამთავრობო ორგანიზაციების შენობებზე, საპროტესტო აქციების ორგანიზატორების და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე, უცნობმა პირებმა პლაკატები და ფოტოები ისევ გააკრეს.

დღის ამბები