21 აგვისტო 2026,   06:36
ვრცლად
"ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, სავარაუდოდ, ის დაარღვევს დუმილს" - ადვოკატი უჩა აბაშიძის მეუღლეზე

უჩა აბაშიძის მეუღლის, მარიამ იაშვილის ადვოკატის განცხადებით, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. თუმცა, ნათია კორკოტაძისვე თქმით, სავარაუდოდ, მარიამ იაშვილი დუმილის უფლებას დაარღვევს და ჩვენებას მისცემს.

"მე საქმეში ჩავერთე გუშინ საღამოს გვიან, მარიამ იაშვილის ინტერესებს ვიცავ. გაუთქმელობასთან დაკავშირებით ხელწერილზე ხელი გვაქვს მოწერილი.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციას, კადრებს, მე ვერ შევძელი დღემდე რომ მეყურებინა აღნიშნული კადრები. ანუ პოზიციები არ გვაქვს ჯერ შეთანხმებული მარიამთან. მარიამ იაშვილი დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპზე, თუმცა, სავარაუდოდ, ის დაარღვევს დუმილს და მისცემს ჩვენებას," - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დღის ამბები