თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს. ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკის მანქანა, რომლის მეშვეობითაც, ხმოვანი სიგნალის გამოყენებით, დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებენ ხოლმე. ამავე ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე ავტობუსი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფები იმყოფებიან. "როგორც ჩანს, ხდება მობილიზება პრევენციული მიზნებისთვის", - იტყობინება ადგილიდან "კურიერის" კორესპონდენტი.
მანამდე, სამართალდამცველებმა პარლამენტის ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს.
ცნობისთვის, პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის გათენებას აპირებენ.