23 დეკემბერი 2024,   07:28
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ჩაქვში ძალოსნობის ბაზა გახსნა, ბათუმში კი ყინულის სასახლის და საცურაო აუზის პროექტის დეტალებს გაეცნო

ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება. ახალი პროექტის დეტალებს, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, პრემიერ-მინისტრი გაეცნო. დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენის და საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი. ყინულის არენა და ორი აუზი საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ყინულის მოედანი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. ყინულის სასახლეს დაემატა მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი, გარდა ამისა, მთავარი აუზის ზომა 33-ის ნაცვლად, 50 მეტრამდე გაიზრდება. ყინულის სასახლე გათვლილი იქნება 1500 მაყურებელზე, საცურაო აუზი კი 800 მაყურებელზე.

ასევე პრემიერ-მინისტრმა ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა. ბაზისთვის აშენდა ახალი სამსართულიანი შენობა, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა სახის ინფრასტრუქტურით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს. მეორე და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია საოფისე, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ნომრები ჩამოსული სპორტსმენებისთვის. პროექტის ბიუჯეტი - 4 მილიონ 795 ათასი ლარია.

პრემიერ-მინისტრი ქალაქში ყოფნის დროს ბათუმის მე-16-ე საჯარო სკოლის მშენებლობასაც გაეცნო. სამსართულიანი შენობა 40 საკლასო ოთახს მოიცავს და ორ ცვლაში ორი ათას მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტით გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 17 მილიონ 388 ათასი ლარია.

დღის ამბები