საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურებით, საქართველოს დროშებითა და ყელსახვევებით მივიდნენ. დღევანდელი სხდომა ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით დაიწყო. გამარჯვების აღსანიშნად, სხდომა სიმღერის "გაიღიმე" [ზღაპრის ბოლო კეთილია] და აპლოდისმენტების ფონზე გაიხსნა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მერვედფინალში გასვლით კიდევ ერთი ოცნება ახდა.
"მართლაც დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, კიდევ ერთი ოცნება აგვიხდა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ახლა უკვე მერვედფინალში ვართ, რაც იყო ბევრი თაობის, როგორც ფეხბურთელის, ისე გულშემატკივრის ოცნება. და ეს ოცნება აგვიხდინეს გუშინ ჩვენმა ბიჭებმა, მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა, ფედერაციამ. განსაკუთრებული სიამაყეა, რომ ლევან კობიაშვილი არის ჩვენი კოლეგა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრი, განსაკუთრებული მადლობა მას, როგორც ჩვენს კოლეგას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს, ვუსურვოთ შემდგომი გამარჯვებები. როგორც ეს ოცნებები აგვიხდინეს, ასევე უნდა აგვიხდეს შემდეგი ოცნებები და ჩვენ უკვე შემდეგ ეტაპებზეც უნდა გავიდეთ. კიდევ ერთხელ მივულოცოთ ჩვენს ბიჭებს, დიდი მადლობა მათ ამისთვის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.