30 ივნისი 2024,   10:05
ვრცლად
შთამბეჭდავი, ფანტასტიკური, შეუდარებელი, მოულოდნელი - მსოფლიო მედია ქართული ფეხბურთის გასაოცარ შედეგებზე ამ დრომდე საუბრობს

საქართველომ ფეხბურთის სამყარო, პორტუგალიის დამარცხებით, შოკში ჩააგდო - მსოფლიო მედია ქართული ფეხბურთის გასაოცარ შედეგებზე ამ დრომდე საუბრობს. შთამბეჭდავი, ფანტასტიკური, შეუდარებელი, მოულოდნელი - ეს ის სიტყვებია, რომლითაც წამყვანი მედიასაშუალებები ქართველი ფეხბურთელების წარმატებას ახასიათებენ. სპორტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველომ გულშემატკივრების გული უშიშრობითა და მაღალი კლასის ფეხბურთით დაიპყრო.

UEFA 2024-ზე ქართველების სენსაციურმა თამაშმა ფეხბურთის ბევრი ცნობილი მიმომხილველი სასიამოვნოდ გააოცა.

ემოციები ვერ დამალა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმაც. სათამაშო მოედანზე ფეხბურთის ლეგენდის ემოციებისა და უკონტროლო ბრაზის შესახებ წერს გერმანული პრესა. ვრცელ სტატიაში ნათქვამია, რომ ამ თამაშზე არენა მხოლოდ რონალდუს უნდა დასთმობოდა, სანაცვლოდ კი, ყურადღება გაუთავებელი წუწუნით მიიპყრო და საკუთარი თავის კარიკატურას დაემსგავსა, - წერს გერმანული გამოცემა "ენთივი".

ქართველებმა, თავდაუზოგავი თამაშით, საერთაშორისო მედიისა და სპორტის მოყვარულების გული მოიგეს - საქართველოს გამარჯვებაზე წერს BBC. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ ისტორია დაწერა UEFA 2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით. ბრიტანული მედია Sky News კი ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთებზე გატანილ გოლსა და გიორგი მიქაუტაძის პენალტზე წერს.

"ისტორიული ევრო შოკი" - საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლას გამოცემა Reuters-ი ამ სათაურით გამოეხმაურა. პორტუგალიელებისთვის მოულოდნელ მარცხზე წერს ფრანგული პრესა, "იმედგაცრუებული ღამე პორტუგალიისთვის, რომლის პოტენციური გოლებიც არაერთხელ უკუაგდო საქართველოს შთამბეჭდავმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა", - ნათქვამია "ფრანს 24-ის" სტატიაში.

ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში. გელზენკირხენში სტადიონის შიგნით ისეთი ხმამაღალი ღრიალი იყო, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც გაისმა - საქართველოს სენსაციურ მოგებაზე წერს .

UEFA 2024-ის ყველაზე დიდ შოკი - საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა - ამ სათაურით, ქართველების გამარჯვებას ვრცელი სტატია მიუძღვნა The New York Times-მა. დიდებული კვარაცხელია და რონალდუს იმედგაცრუება, მიქაუტაძის პენალტი - თამაშის მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა - წერს გამოცემა.

მაღალია ქომაგების აქტიურობა სოციალურ ქსელებშიც. UEFA-ს და სხვადასხვა კლუბის ოფიციალურ გვერდებზე ქართველ ფეხბურთელებზე გამოქვეყნებული პოსტები ყველა რეკორდს ხსნის. მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება წერს, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ისტორია უკვე დაწერეს.

 

დღის ამბები