11 საათი ისტორიულ მატჩამდე - შეხვედრის ადგილი კიოლნი, "რეინ ენერჯი სტადიონია“. ჯვაროსნები-ესპანეთის ნაკრებთან შესახვედრად ემზადებიან.
დღეს, ევრო 2024-ის მერვედფინალია. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ვარჯიში, სრული შემადგენლობით, "ფელბერტის" საწვრთნელ ბაზაზე გამართა. პორტუგალიასთან სენსაციური გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ფლეი ოფში ამოცანა გართულდა.
ჯვაროსნები კონტინენტის ერთ-ერთ ფავორიტს ხვდებიან. ესპანეთის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია და ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო, თუმცა დებიუტანტმა ქართველებმა ევრო 2024-ზე საკუთარი სიტყვა უკვე თქვეს.
ძლიერი დაცვის ხაზი, აქტიური კონტრშეტევები, ტექნიკური და არასტანდარტული ფეხბურთი - ასე გამოიყურება საქართველოს ნაკრები დღეს, რომელიც ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორისაა.
დღეს სამატჩო განაცხადში 25 ფეხბურთელი იქნება. ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ანზორ მექვაბიშვილი გამოტოვებს.
ახლა ესპანელებს მოუწევთ სიმშვიდის შენარჩუნება მეომარ ქართველებთან, რათა მეოთხედფინალში მასპინძლებთან ითამაშონ.
შეხვედრას ფრანგი არბიტრი, ფრანსუა ლეტესიე გაუძღვება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი