16 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
"პროკურორად საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს აქტიურად გავაგრძელო სისტემის გაუმჯობესების და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა" - საპროკურორო საბჭოში გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ

საპროკურორო საბჭოში პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს განახლდა. ამ წუთებში საბჭოს წევრების შეკითხვებს გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი პასუხობს, რომელიც უკვე 11 წელია ამ პოსტს იკავებს. მისი კანდიდატურა აკადემიური წრის წარმომადგენლებმა წარადგინეს.

მისი თქმით, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც გენერალურ პროკურორს აქვს საზოგადოებისა და პროკურატურის თანამშრომლების მიმართ.

"პროკურორად საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს, აქტიურად გავაგრძელო სისტემის გაუმჯობესების და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთი მხრივ, პროკურატურის თანამშრომლების განვითარებასა და დაცულობის ხელშეწყობაზე, მეორე მხრივ, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვაზე.

პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სისტემის შეფასების დანერგვამ განაპირობა კარიერული განვითარების სისტემის წამახალისებელი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას და დაინერგოს განგრძობადი განათლების სისტემა, უნდა გააქტიურდეს პროკურორებსა და ზემდგომ თანამდებობის პირებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების პროცესი.

პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობას განსაზღვრავს თანამშრომელთა მოტივაცია და სათანადო სამუშაო გარემო, რისთვისაც აუცილებელია მათი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დროულად და სწორად იდენტიფიცირება. მნიშვნელოვანია, სამუშაო სივრცეების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა. უნდა გავზარდოთ თანამშრომლების თანაბარი, პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა თანაბარი მონაწილეობა.

პროკურატურის როლი დაზარალებულის უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია, აუცილებელია დაზარალებულთან სწორი და დროული კომუნიკაცია. ამ მიმართულებით უწყებას აქვს გარკვეული გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ აუცილებელია ქმედითი პოლიტიკის გატარება," - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

საერთო ჯამში წარდგენილია 11 კანდიდატი, აქედან 4-ს უკვე მოუსმინეს. საბჭო, ფარული კენჭისყრით, 3-ს შეარჩევს, რის მერეც, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

 

დღის ამბები