საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი პარლამენტმა ცოტა ხნის წინ აირჩია - გიორგი გაბიტაშვილმა უწყებაში მუშაობის საკუთარ გეგმებზე მედიასთან ისაუბრა.
"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს გენერალურ პროკურორად ჩემი არჩევისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო საპროკურორო საბჭოს ჩემი კანდიდატურის წარმოდგენისთვის. მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს გამოხატული მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი შოთაძეს, რომლის გენერალურ პროკურორად მუშაობის პერიოდში უწყებაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა.
ჩემი მთავარი პრიორიტეტები იქნება თაღლითობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. იმ ელექტრონული სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც მოქმედებს, როგორც პროკურატურაში, ასევე, სასამართლო სისტემაში. ეს ძალიან გაამარტივებს საქმის წარმოების პროცესს, საქმეების სასამართლოში გაგზავნას. ეს დაზოგავს დიდ დროს და ასევე მატერიალურ რესურსს, რაც უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამართალწარმოების პროცესში. ჩემი კიდევ ერთი პრიორიტეტია დაზარალებულთან კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა," - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში, რომელიც რიგ გარეშე სხდომაზე გაიმართა, მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. გიორგი გაბიტაშვილი რომელიც დღემდე გენპროკურორის მოქმედი მოადგილე იყო, თანამდებობაზე 6 წლით დაინიშნა.