ბელგიის უდიდესი ნაკრძალი დაიხურა - ქვეყანა უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვის.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლმა ნაკრძალის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი მოიცვა და საფრთხე დასახლებულ პუნქტებსაც შეუქმნა, ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით მთავრობამ ნაკრძალთან მდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. განხორციელდა ბავშვთა საზაფხულო ბანაკისა და ტურისტების ევაკუაციაც.
მეხანძრეებს მუშაობა რთულ პირობებში უწევთ, რადგან ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს როგორც ამინდი, ასევე ნაკრძალის რთული რელიეფი, რომელიც ჭაობიან ტერიტორიებს, ველებსა და ტყეებს მოიცავს. ამიტომ ბელგიამ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა და ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნების დახმარებაც მოითხოვა.
ბელგიიდან ცეცხლი გავრცელდა გერმანიაშიც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაინ-ვესტფალიის მხარეში გაჩენილი ტყის ხანძარი, რომლის გამოც, 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება.
ცეცხლი რაინ-ვესტფალიაში გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მხარეში გავრცელდა. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები.
ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთშიც. ქვეყანას დახმარების ხელი ავსტრალიამ გაუწოდა და 2 სახანძრო ვერტმფრენი და სახანძრო სამსახურის 30 წევრიანი ეკიპაჟი გაუგზავნა. ყველაზე დიდი კერა ახლა ლუგლონის სოფელთან არის, სადაც ცეცხლმა დაახლოებით 1600 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მასშტაბური ხანძარია ესპანეთშიც. ლას-პენიას-დე-რიგლოსის პროვინციაში ცეცხლი 16 600 ჰექტარ ფართობზეა. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ხელისუფლებამ 19 დასახლებული რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.
ხორვატიაში კი ტურისტულ ქალაქში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 40 და ევაკუირებულია 1200-ზე მეტი მოქალაქე. ოფიციალურმა პირების ცნობით, წინასწარი მონაცემებით ხანძრაი რეკორდულმა სიცხემ და გვალვამ გამოიწვია.