18 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
9 წლიანი მალვის შემდეგ, ბესიკ ხარძიანის მკვლელი დააკავეს - კუს ტბის წილების დათმობის ძველი ისტორია და ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები

გენერალურმა პროკურორმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელი, 9 წლიანი ძებნის შემდეგ, დღეს უკვე დაკავებულია. "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცი თურქეთში, თურქმა სამართალდამცველებმა აიყვანეს.

"კურიერმა" დაკავებულის ვინაობა გაარკვია. ის ფარიდ გურბანოვია - უკრაინის მოქალაქე. მართლმსაჯულების თავიდან არიდების მიზნით, მან ცხრა წლის განმავლობაში, სახელი და გვარი არაერთხელ შეიცვალა, გაყალბებული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც.

ოფიციალური ინფორმაციით, გურბანოვია ის პირი, რომელმაც 2015 წლის 28 მარტს, ბესიკ ხარძიანს ესროლა. გავრცელებული ვერსიით გურბანოვი ბიზნესმენს მარაბდის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩაუსაფრდა, სადარბაზოში შესულს კი ზურგში სამჯერ ესროლა. დანაშაულის სისრულეში მოყვანისთანავე, მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მოპედით მიიმალა, იარაღი მტკვარში გადააგდო და ქვეყანა დატოვა.

"კურიერის" ინფორმაციით, ფარიდ გურბანოვის ადგილსამყოფელის შესახებ, ქართველმა სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს. თურქ კოლეგებს გადასცეს და გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით დაკავების ოპერაციაც ჩატარდა. 38 წლის მამაკაცს, შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, პატიმრობა მისჯილი დაუსწრებლად ჰქონდა.

გამოძიების დეტალები გიორგი გაბიტაშვილმა არ დააკონკრეტა, თუმცა ცნობილია, რომ თურქეთში დაკავებული, ძებნილის ექსტრადიციისთვის, შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სამართლებრივი პროცედურების დასრულებას და ფარიდ გურბანოვის ექსტრადიციას, ელოდება ხარძიანებს ოჯახის ადვოკატი.

9 წლიანი ლოდინის შემდეგ, მოკლული ბესიკ ხარძიანის ახლობლებმა დღეს შეიტყვეს, რომ შეკვეთილი მკვლელობისთვის ძებნილი უკვე დაკავებულია. "კურიერი" ბიზნესმენის შვილს ესაუბრა. დაზარალებული მხარე მკვლელობის შემსრულებლის დაკავებით კმაყოფილია, თუმცა ამბობენ, რომ მთავარი ახლა დანაშაულის დამკვეთის კვლაზე გასვლაა.

ქართველი სამართალდამცველები ბესიკ ხარძიანის შეკვეთილ მკვლელობაზე სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებს განაგრძობენ. ოფიციალური ინფორმაციით, იძებნება კიდევ ერთი პირი - ალექსანდრ დამეტოვი, რუსეთის მოქალაქე. შეკვეთით ჩადენილი, განზრახ მკვლელობის ხელშეწყობისთვის, ის დაუსწრებლად არის გასამართლებული.

ბესიკ ხარძიანის შეკვეთით მკვლელობის ოფიციალური მოტივი, ამ დრომდე უცნობია. არაოფიციალური ვერსიით კი, ბიზნესმენის ლიკვიდაცია, ბიზნეს წილების გადანაწილებას უკავშირდებოდა.

დღის ამბები