29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
კაპიტოლიუმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს - ბობ მენდეზს ბრალი 16 მუხლით ჰქონდა წაყენებული

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, სენატორი ბობ მენენდეზი, კორუფციის საქმეზე, დამნაშავედ 16-ივე წაყენებულ მუხლში ცნეს. ამერიკის კონგრესის ერთ დროს ყველაზე გავლენიან კანონმდებელს ახლა აპელაციის იმედი აქვს, თუმცა 70 წლის სენატორის მრავალწლიანი კარიერის დაღმასვლა უკვე დაწყებულია. კონგრესის ზედა პალატის უმრავლესობის ლიდერმა მას მოუწოდა, პოსტი დატოვოს. გადადგომაზე უარის თქმის შემთხვევაში, სენატორის გადაყენებას ხმათა 2/3 დასჭირდება. კონგრესის ზედა პალატის ისტორიაში ეს 160 წელზე მეტია არ მომხდარა, რაც კონფედერაციის მომხრე სენატორები გარიცხეს.

ქრთამი, გამოძალვა, თაღლითობა ელექტრონული საშუალებებით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, უცხოური გავლენის აგენტად საქმიანობა - ეს არის იმ მუხლების ნაწილი, რომლებშიც მენენდეზი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს. სენატორის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი ეგვიპტის და კატარის მთავრობების ინტერესების სასარგებლოდ, საკუთარი გავლენის გამოყენებას ეხება. საქმეშია უცხოელი ბიზნესმენების გამოძიების პროცესში ჩარევის მცდელობის ფაქტიც. საკუთარი გავლენების სანაცვლოდ კი, გამოძიების მტკიცებით, მენენდეზმა და მისმა მეუღლემ ასობით ათასი დოლარი, ოქროს ზოდები, მერსედესი და სახლისთვის იპოთეკის თანხა მიიღეს.

კორუფციის საქმეზე, გამოძიების ფედერალური ბიურო, საგადასახადო სამსახური და პროკურატურა ერთობლივად მუშაობდნენ. 9 კვირიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ვაშინგტონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ "სამართლის გამარჯვება" უწოდა.

ბობ მენენდეზის განაჩენს ოლქის მოსამართლე 29 ოქტომბერს გამოაცხადებს. ეს მოხდება იმ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელში მონაწილეობითაც მენენდეზი სენატში კიდევ ერთი ვადით, დამოუკიდებელ კანდიდატად დაბრუნებას გეგმავს. თუ ის არჩევნებში მონაწილეობას მიღებას შეძლებს, ამან შესაძლოა გაყოს დემოკრატების ხმები და პირველად, ნახევარი საუკუნის შემდეგ, მოგებისკენ გზა რესპუბლიკელ კანდიდატს გაუხსნას. კორუფციის საქმეზე, სენატორს, ფედერალურ ციხეში ათწლეულობით სასჯელის მოხდა ემუქრება.

დღის ამბები