06 სექტემბერი 2024,   04:10
ვრცლად
82 ხმით ნულის წინააღმდეგ - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს

82 ხმით, ნულის წინააღმდეგ, რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს.

პროექტის მიხედვით, რომლის ავტორიც "ქართული ოცნებაა", ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ჰუმანური აქტით პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა შემცირდეს, რაც საქართველოს ევროპულ სტანდარტთან კიდევ უფრო მეტად დაახროვებს. პროექტის მიხედვით, ამნისტია 5 000-მდე პატიმარს შეეხება, აქედან დაუყოვნებლივ 1000 გათავისუფლდება. ასევე, კანონპროექტი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე არ გავრცელდება.

ინიციატივის განხილვაში მონაწილეობა დღეს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა მიიღო, თუმცა, ამას სხდომათა დარბაზში დაპირისპირებისთვის ხელი არ შეუშლია. თეონა აქუბარდიას შეკითხვას საკანონმდებლო ორგანოში მასსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

თეონა აქუბარდიას გარდა, სხდომას "ევროპელი სოციალისტები" და "გირჩი" ესწრებოდნენ. კითხვები კანონპროექტის ავტორთან მათაც ჰქონდათ. ოპოზიციური პარტიები ამნისტიის პროექტს მხარს უჭერენ, თუმცა, მაგალითად "გირჩში", ფიქრობენ, რომ ამნისტიის აქტი საყოველთაო უნდა იყოს და ის უფრო მეტ მუხლზე გავრცელდეს.

ამნისტიის შესახებ პროექტი ორ მთავარ ფაქტორზე დაყრდნობით, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ევროპული სტანდარტით, იქნა შემუშავებული. საპარლამენტო უმრავლესობაში ინიციატივას აუცილებელსა და ჰუმანურს უწოდებენ. უმრავლესობის ლიდერმა, დღეს, კონკრეტულ პირებს მოუწოდა, ამნისტიის შესახებ კანონის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება შეწყვიტონ და პატიმრების ოჯახის წევრები შეცდომაში არ შეიყვანონ.

კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში სახელისუფლებო გუნდმა რამდენიმე კვირის წინ დააინიციირა, მისი საბოლოოდ მიღება კი საშემოდგომო სესიაზე მოხდება. პროექტი დამტკიცების შემთხვევაში სხვადასხვა ეფექტით, სამასამდე მუხლს შეეხება, პატიმართა ნაწილი პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ნაწილს სასჯელი 1/2-ით, 1/4-ითა და 1/6-ით შეუმცირდებათ, ასევე დოკუმენტში წერია, რომ პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრი ერთი წლით შემცირდება.

დღის ამბები