08 სექტემბერი 2024,   03:30
ვრცლად
"გადატრიალების მუხლებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუსი" - ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხა

ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატ მოსამართლესთან დღეს ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაიაც გამოიკითხა.

მისი შეფასებით, "უაზრო კითხვები" დაუსვეს. ასევე, რომელ წელს იმყოფებოდა უკრაინაში და რატომ დააჯილდოვეს.

"ბატონ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე გადატრიალებაო. გადატრიალების მუხლებზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მგონია თავი, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მიბარებს სუსი. რაღაც უაზრო კითხვები, მაგალითად, რომელ წელს ვიყავი უკრაინაში და რაზე დამაჯილდოვეს.

გეგმავდით რამეს, გაგიგიათ რამე თუ არაო - არაფერი გამიგია.

მკითხეს ვიცნობდი თუ არა, ერთ-ერთი, ლაშა ჭიღლაძე ჩემი მეგობარია. ასევე, მკითხეს, ვინ არიან უკრაინაში ჩემი მეგობრები - მიშა ბატურინთან ვმეგობრობ თუ არა. წლებია ვმეგობრობ. ასევე მკითხეს, მამუკა მამულაშვილი.

ვინც ამზადებს ამ ტერორისტულ აქტს, დაიბარონ ის, მე რა შუაში ვარ," - აღნიშნა ლაშა რუხაიამ.

საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთი პირი გამოიკითხება. მედიის ინფორმაციით, მოდულში დაბარებულია ერთ-ერთი ბიზნესმენი. მას უწყებაში ამ წუთებში ელოდებიან. მანამდე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ამავე საქმეზე ჩვენება მისცეს უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულების ფაქტზე. საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მკვლელობის მომზადების ფაქტს.

დღის ამბები