25 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
პოლიციის სპეცოპერაცია ქვეყნის 5 რეგიონში - დაკავებულია 28 მოქალაქე, მათგან 16 ნარკორეალიზატორია

ფარულად გადაღებულ კადრებში ნაჩვენები პირები, გამოძიების ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის საქმეზე დააკავეს. 28 პირს, რომელთა შორის 16 ნარკორეალიზატორია, ბრალი ოფიციალურად წარედგინა, თუმცა მანამდე არაერთი ოპერატიული ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ჩანაწერების მოსაპოვებლად, კრიმინალური პოლიცია თბილისსა და 4 რეგიონში მუშაობდა. განხორციელდა ე.წ. საკონტროლო შესყიდვებიც.

ფარულ ვიდეომასალაში ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. 28 ბრალდებულიდან - 12 ირანის, თურქეთის, რუსეთის, ნიგერიის, ინდოეთისა და იორდანიის მოქალაქეა. მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით, მათ შორის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და საქართველოში შემოტანის მუხლით აქვთ წარდგენილი.

საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა 39 წლის იაკობ კოსტავა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დაკავებულის უფლებადამცველი ადასტურებს, რომ, პირადი ჩხრეკისას, უკანონო ნივთიერება ბრალდებულს თან ჰქონდა, თუმცა ის, ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "კოკაინი," "ჰეროინი" "ალფა პვპ," "მეტადონი," "ბუპრენორფინი" და "სუბოტექსი," სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 23 წლის მიშიკო გაჩეჩილაძე, რომელიც, სხვა ბრალდებულების მსგავსად, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პატიმრობა შეეფარდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რომლებიც გამოძიებასთან ამ დრომდე არ თანამშრომლობენ. მათი ნაწილი თბილისში, ნაწილი კი რეგიონებში დააკავეს.

ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება 8 სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორებიც.

 

დღის ამბები