16 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ დაფინანსების შეჩერება "ლუგარის ლაბორატორიას" ხელს ვერ შეუშლის - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერება, კვლევით დაწესებულებას საქმიანობაში ხელს არ შეუშლის. მიხეილ სარჯველაძემ სპეციალურ ბრიფინგზე დღეს განაცხადა, რომ საუბარი მხოლოდ 2 მილიონი ლარის ფინანსურ მხარდაჭერას ეხება, რომლითაც რამდენიმე მიმდინარე პროექტი ხორციელდებოდა. ეს პროექტები კი, მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებას ხელს არ შეუშლის. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ შტატების გადაწყვეტილება უარგუმენტოა და "გამჭვირვალობის კანონსა" და ფინანსების შეჩერებასთან კავშირს ვერ ხედავს.

კავშირს "გამჭვირვალობის კანონსა" და შტატების გადაწყვეტილებას შორის, ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დაფინანსების შეწყვეტა, სწორედ მმართველი ძალის ქმედებებმა გამოიწვია.

სახელისუფლებო გუნდში, დღემდე აინტერესებთ, რისთვის იყო 95 მილიონი დოლარის დახმარება შტატების მხრიდან გამოყოფილი, რომელიც გასულ კვირას ვაშინგტონმა შეაჩერა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი რაოდენობის თანხა არც სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდა და მეტიც, ამაზე ინფორმაცია საერთოდაც არ აქვთ. "ქართული ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ ამერიკის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებების მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა.

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარებას უჩერებდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თანხაში შედიოდა ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსებაც, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ფაქტი დეზინფორმაციაა და კვლევითი დაწესებულება ფინანსურად ვაშინგტონზე დამოკიდებული არ არის.

 

დღის ამბები