21 აგვისტო 2026,   06:52
ვრცლად
"მერჩივნა, ცოცხლად გმირი ვაჟკაცი ბიჭის დედა ვყოფილიყავი, ვიდრე გარდაცვლილის" - გმირი ვახტანგ გზირიშვილის დედის უკანასკნელი ინტერვიუ

ამ ინტერვიუზე მუშაობა ჩვენთვის ორმაგად მძიმე აღმოჩნდა... თავად გმირობის ისტორია ერთია, რთულია, კარგად გაიაზრო იმ გმირობის ამბავი, რომელიც 20 წლის ვახტანგ გზირიშვილის სახელს უკავშირდება და მეორე ისტორია ის გახლავთ, რომ  სამწუხაროდ, ეს ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა ჩვენი რესპოდენტისთვის, მარინა გზირიშვილისთვის.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას გმირის მეუღლისა და გმირის დედის გარდაცვალების გამო და გთავაზობთ მისი ინტერვიუს სრულ ვერსიას.

ქალბატონ მარინასთან ინტერვიუ გმირი შვილის შესახებ იმ მოგონებით იწყება, სადაც ვახტანგ გზირიშვილმა სამხედრო სამსახური გადაწყვიტა. ქალბატონი მარინა იხსენებს, რომ მას ემიგრაციაში წასვლა იმ დროს მოუწია, როდესაც ვახტანგი 16 წლის იყო და სამხედრო ფორმაში ცოცხალი არასდროს უნახავს:

"16 წლიდან მე ვახოს თვალი დამკვრელი არ ვარ. მე ვახო დავტოვე 16 წლის ვაჟკაცი და ვახომ ისე ჩაიცვა ჯარის ფორმა, რომ მე დედას, ვახო ჯარის ფორმაში ცოცხალი არ მინახავს. მხოლოდ სურათებზე ვხედავ. ეს სურათებიც არ მექნებოდა, რომ არა მისი შეყვარებული. მის შეყვარებულ ჰქონდა შენახული და იმ გოგონამ მაჩუქა. ვახო ისე გახდა ჯარისკაცი და ისე მიიღო სამხედრო ფიცი, რომ მე არ ვიცოდი და ვერ დავლოცე. რა თქმა უნდა, რომ გავიგე, შემდეგ სულ ვლოცავდი და დედის ლოცვებს სულ ვკითხულობდი, მაგრამ, როგორც ჯარისკაცისთვის ლოცვა არ გამიყოლებია. ასევე, ომი რომ დაიწყო, ეგეც რომ არ ვიცოდი, არც, როგორც ომში წასულ ჯარისკაცზე ლოცვა არ გამიყოლებია. რომ გავიგე, ომი დაიწყო, მაშინ კი ვლოცულობდი, მაგრამ, ეს მოსახდენი უნდა მომხდარიყო. როგორც პატრიარქმა მითხრა, ეს უნდა მომხდარიყო, რომ უფალს იმაზე მეტად გავეძლიერებინე, ვიდრე ვიყავი," - იხსენებს მარინა გზირიშვილი.

რა განცდაა იყო გმირის დედა?!

"სიამაყეა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მერჩივნა, ცოცხლად გმირი ვაჟკაცი ბიჭის დედა ვყოფილიყავი, ვიდრე გარდაცვლილის. მაგრამ, ჩემი ვახო ყოველთვის ცოცხალია ჩემს გულში. როგორც ჩვენა უწმინდესმა მითხრა, როდესაც ჩემი სიზმარი მოვუყევი პატრიარქს ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაშინ მითხრა ასეთი სიტყვები პატრიარქმა: ახლა ხომ ირწმუნე, რომ შენი ვახტანგი ცოცხალიაო? - ჰოდა ახლა მე გაძლევ კურთხევას, ტაძრის მშენებლობის დაწყებაზე და ღვთის მადლით დაამთავრებო. მე ვახომ სიზმარში მთხოვა ტაძრის აშენება. სამი თვის გარდაცვლილი იყო ვახო, სიზმრად რომ მეწვია. იგივე ვიმეორებ მეც, რომ მჯერა, ჩემი ვახო ყოველთვის ჩემს გვერდით არის. სადაც დავდივარ, რა საქმეზეც არ უნდა წავიდე, ეს იქნება პირადული, იქნება სხვისი საქმე, საერო და საერთო, მე ვგრძნობ, რომ ჩემს მხრებთან ჩემი მფარველი ანგელოზი ვახოსთან ერთად დამყვება ყოველთვის და ის საქმე ყოველთვის დადებითად მთავრდება.

მარინა გზირიშვილი ინტერვიუს დროს იხსენებს, რომ რადგან ემიგრაციაში იყო, აგვისტოს ომის დაწყების დაწყების ამბავი იმ ოჯახისგან გაიგო, სადაც მუშაობდა, შვილს კი ბოლოს 5 აგვისტოს ტელეფონზე ესაუბრა. მისი თქმით, ეს იყო ბოლო დღე, როდესაც შვილის ხმა უკანასკნელად გაიგო

"რაღაცნაირი შინაგანი გრძნობა მაწუხებდა ძალიან, დედის ინსტინქტი იყო ეს თუ რა იყო არ ვიცი.  [ტელეფონზე საუბრისას] მითხრა, დედა შენ ნუ გეშინია, აქ სიმშვიდეაო. ისიც კი არ მითხრა, რომ აგვისტოს ომამდე 2 თვით ადრე, სამაჩაბლოში ყოფილა სამშვიდობო მისიით მისი ბატალიონი წასული. ეს ყველაფერი ვახოს გარდაცვალების შემდეგ, ვახოს მეთაურმა და მისმა ჯარის მეგობრებმა მომიყვნენ.

[ტელეფონზე საუბრისას] მეუბნება - დედა იცი, როგორ მენატრებიო, ისე მენატრები მეტი არ შეიძლებაო, მანდ ხომ იქნება ინტერნეტ კაფე, დამირეკე, შენი დანახვა მინდაო. დავთანხმდი, კარგი შვილო-მეთქი და გავთიშე. გზის იქით ინტერნეტ-კაფის შენობა იყო. გავიქეცი, თუმცა დაკეტილი დამხვდა, რადგან საღამო იყო. ვერ დავრეკე, ვერ დავინახე ჩემი შვილი, ვერც თვითონ ვერ დამინახა. უკან დავბრუნდი, სადაც ქალაქის ტელეფონი იდგა და გადავურეკე. მოვუყევი, რომ ინტერნეტ-კაფე დაკეტილი იყო და ვუთხარი ხვალ დაგირეკავ-მეთქი. კარგი დედაო, დაგემშვიდობებიო. ისევ გავუმეორე, ჰო სიმშვიდეა იქით მეთქი - კი დედი, შენ არ იდარდოო და ასე გაწყდა ჩვენი საუბარი. ასე დავასრულეთ 5 აგვისტოს საუბარი. ამის მერე ჩემი შვილი არც ცოცხალი მინახავს და არც ხმა გამიგია," - ჰყვება მარინა გზირიშვილი.

მარინა გზირიშვილი შვილთან უკანასკნელი სატელეფონო საუბრის სხვა დეტალებსაც იხსენებს:

"მეოთხე ბრიგადაში იყო ვახო 42-ე ბატალიონში, ეს ბატალიონი ერაყისთვის იყო მომზადებული. ოქტომბერში უნდა გაეყვანათ. [სატელეფონო საუბრისას] მითხრა, ჩვენ ახლა ერაყისთვის გვამზადებენო და სანამ ჩვენი ბატალიონი გავა სამშვიდობო მისიაზე, მანამდე მოემზადე და უნდა ჩამოგიყვანო უკანო. გეყოფა უკვე ამდენი წელი, რაც იტანჯე და იშრომე ჩვენთვისო. ახლა უნდა ჩამოგიყვანო, დაგსვამ სახლში და მოვიყვან ცოლსო. ნათიას [მისი უფროსი შვილი] ჰო გაუზარდე შვილები, ახლა ჩემი უნდა გაზარდოო..." - იხსენებს გმირის დედა.

როგორი იყო ომი დღეები, როდესაც მარინა გზირიშვილი ემიგრაციაში იყო და შვილის შესახებ არაფერი იცოდა...

ემიგრაციაში, ოჯახში, სადაც ვმუშაობდი იმ ქალბატონმა მითხრა, ქალბატონო მარინა საქართველოში ომი დაიწყოო. იცოდა, რომ ჩემი ვახტანგი ჯარისკაცი იყო. რომ დავიწყე ვახოსთან რეკვა, არ იღებდა, არც ჩემი მშობლები მპასუხობდნენ. ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, დაიწყო ძებნა, თუ იყო თვითმფრინავი, ან რამე ტრანსპორტი, რომელიც საქართველოს მიმართულებით მიდიოდა. ყველაფერი დაიკეტა - ცაც და დედამიწაც, არც თვითმფრინავები მოფრინავდნენ, არც ავტობუსები მოძრაობდნენ. შემდეგ გაიგეს, რომ 9 რიცხვში ერთადერთი ავტობუსი უნდა წამოსულიყო და ამიღეს ბილეთი. მთელი ეს პერიოდი, როდესაც 9 რიცხვს ველოდებოდი, სულ ვფორიაქობდი, სულ ტელევიზორს ვუყურებდი, რას იტყოდნენ. რომ დაღამდა 7 რიცხვის ღამე და 8 რიცხვი რომ თენდებოდა, თვალზე ძილი არ მომკარებია, დილის 05:00 საათი იყო, სამზარეულოში წყლის დასალევად გამოვედი. წყლიანი ჭიქა რომ უნდა დამელია და მივიტანე პირთან, ვერ დავლიე, სულ სისხლის სუნი ასდიოდა წყალს. ისე შემეშინდა, რომ მეტი არ შეიძლება.

დავიწყე ლოცვა, ჩემი პატარა კუთხე მქონდა გაკეთებული, მიშლიდნენ მაინც, მუსლიმანური ქვეყანა იყო და ვერც საკმეველს ვანთებდი და ვერც ვერაფერს. შევევედრე უფალს. მოსახდენი უნდა მომხდარიყო ალბათ. მთელი 8 რიცხვი ვრეკავდი, არავინ მპასუხობდა..." - იხსენებს მარინა გზირიშვილი.

ინტერვიუს მსვლელობისას მარინა გზირიშვილი იხსენებს, რომ მისმა შვილმა მოსალოდნელი სიკვდილი იწინასწარმეტყველა. ამასთან, აღსანიშნავია, ვახტანგი ერთადერთი არ არის ოჯახიდან, ვინც სამშობლოს ერთიანობას და უსაფრთხოებას შეეწირა. აფხაზეთის ომის გმირია მისი მამა, ბადრი გზირიშვილი, რომელიც სოფელ ტამიშთან შეტაკებისას დაიღუპა.

"მეოთხე ბრიგადიდან რომ მომიტანეს ვახოს ზურგჩანთა, სხვა ნივთებთან ერთად  ვახოს სამხედრო კონსპექტები იდო. ეს სამხედრო კონსპექტები ახლა სამუზეუმო მაგიდაზე მილაგია. რომ გადავშალე ერთ-ერთი გვერდი, სამხედრო ფიცი აქვს დაწერილი საკუთარი ხელმოწერით. შემდეგი გვერდი, რომ გადავშალე, რას ვხედავ - 08.08 უწერია, თავისი გარდაცვალების თვე და რიცხვი. ამან შემძრა საერთოდ, ეს რა არის მეთქი. შემდეგ სამხარაულში წავიღე, რაღაც ჰქონია დაწერილი, გადაუშლია, მაგრამ ისე გადაუშლია, რომ -  08.08 გამოიყვანა. ესეც ერთგვარი მისი მხრიდან წინასწარმეტყველური გრძნობა იყო.

ვახოს დაღუპვის შემდეგ, მისი მეგობრები ვახოს ხუმრობებს იგონებდნენ. ვახოს ოდნავ ენა ებმოდა, რაც მამამისის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო. ვახო 4 წლის იყო, როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, გვიან დაიწყო ლაპარაკი და ოდნავ გაწელავდა ხოლმე, თუმცა სიმღერას, როცა მღეროდა, არ ეშლებოდა.  ვახოს მეგობრებმა მითხრეს, ერთხელ, როდესაც სამშვიდობო მისია დაასრულეს სამაჩაბლოში, 10-დღიანი შვებულებები მისცეს იმ ჯარისკაცებს, ვინც იქ მონაწილეობდაო. ჩამოვიდა რუსთავში ვახო და ბიჭებს გვთხოვა მამაჩემის საფლავზე ამყევითო. როცა ავედით, ვახო მამის საფლავის ქვას ჩაეხუტა და პირველად ვნახეთ, როგორი ხმით ტიროდაო. მამამისს უთხრაო - მამი, ნუ გეშინია, მეც მალე მოვალ შენთანო, როგორც შენნაირი გმირიო. საიდან ეს ყველაფერი?! - ეს წინათგრძნობები, საიდან ჰქონდა ჩემს შვილს," - ამბობს მარინა გზირიშვილი და დასძენს, რომ თავადაც სულ ჰქონდა შიში მის შვილს არაფერი მოსვლოდა.

მარინა გზირიშვილი შვილის გმირულად დაღუპვის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში დასაქმდა. ჰყვება, რომ მთელი ეს პერიოდი  ჯარისკაცები მას განსაკუთრებულად ეპყრობიან და დედად აღიქვამენ.

"ჩემი ცხოვრება ზოგადად, ზღაპარივით დაიწყო. მე და ჩემი ცხონებული მეუღლე კლასელები ვიყავით. ერთ მერხზე ვისხედით. ყველაფერი მოვასწარით ჩვენს ცხოვრებაში და შემდეგაც ზღაპარივით გაგრძელდა და ისევ ზღაპარივით მთავრდება. ვიღაცას რომ მოეყოლა ჩემი ცხოვრება, რაც გამოვიარე, რატომღაც ვიფიქრებდი, ალბათ ფანტაზიორობს მეთქი. მაგრამ ვაი რომ ყველაფერმა ჩემს თავზე გადაიარა. მაგრამ მე მამხნევებენ ჩემი ჯარისკაცები. როდესაც სამხედრო ნაწილში შევდივარ, ჩვენი დედა მოვიდაო, ყველას დედას მეძახიან ბიჭები. მე ხომ თავდაცვის სამინისტროში ხომ ვმუშაობ 2009 წლის მარტიდან და როდესაც შევდივარ თავდაცვის სამინისტროში, ჩემი სამხედროები, სამხედრო სალმით მხვდებიან. ეს მეამაყება, რომ ვახსოვარ ჩემს ჯარისკაცებს, თავდაცვის სამინისტროს და როცა არ ვიქნები, იმედი მაქვს, რომ დავიწყებას არ მიეცემიან ჩვენი გმირები," - ამბობს მარინა გზირიშვილი

და ბოლოს, შანსი, რომ ჰქონდეს, რას ეტყოდა ვახოს?!

"ვახოს თქმა არ სჭირდებოდა, არც შენიშვნის მიცემა. ჩემი შვილი რომ არის მაგიტომ კი არაა, თვალებში რომ შევხედავდი, უკვე ვახომ იცოდა, მე რა მომწონდა და რა არა, ასეთი ბიჭი იყო. მადლობას ვეტყოდი, რომ ასეთი კარგი შვილი იყო და არის დღესაც ჩემთვის. ასეთი გულკეთილი ბიჭი რომ იყო, კეთილისმსურველი ყველასთვის. ვაჟკაცური რომ იყო და დარჩა ვაჟკაცად 20 წლის ასაკში. საყვედურს ვეტყოდი, რატომ დამტოვა ასე ეულად და რატომ მიმატოვა. დედის სიყვარული და პატივისცემა ძალიან ჰქონდა. ძალიან მენატრება ჩემი ვახო... ჩემს ვახოსთან ერთად ვაღამებ და ვათენებ, გავდივარ სახლიდან ვემშვიდობები, შემოვდივარ სახლში, ვესალმები. მე ჩემს ცრემლს არავის არ ვაჩვენებ უკვე 16 წელია. ჩემს ტკივილთან ერთად ვცხოვრობ. დღეს ისეთი ცხოვრებაა, ყველას თავისი ტკივილი სტკივა და მე ჩემი ტკივილით, რომ სხვას ტკივილი არ მივაყენო, ამიტომ ვიკავებ ხოლმე თავს. დიდ ტკივილს ვატარებ 31 წელია, მანამდე ჩემი მეუღლე, შემდეგ ჩემი ვახტანგი..." - ამბობს გმირის დედა.

 

 

დღის ამბები