13 აგვისტო 2026,   09:00
ვრცლად
საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" 21 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით სამ ქალაქში გაიმართება - 25 აგვისტოს ვირტუოზი მევიოლინე ელვინ ხოჯა განიევი ბათუმში "საქართველოს ვირტუოზებთან" ერთად ​წარსდგება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" 21 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება: ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში და ერთი თვის განმავლობაში გააერთიანებს შვიდ კონცერტს, ქართველი მხატვრების გამოფენებს, დარგობრივ მასტერკლასებსა და ვორქშოპებს მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.

25 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი ფესტივალის საბაზო ორკესტრთან "საქართველოს ვირტუოზებთან" შეასრულებს ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროებს.

ელვინ ხოჯა განიევი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ენესკუს, ჰეიფეცის, ოისტრახის, ლიპინსკი-ვენიავსკის კონკურსები და მრავალი სხვ. იგი სტამბოლის IKSV კულტურისა და ხელოვნების პრემიის ლაურეატია. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, რომელთა შორისაა რომის პაპის მედალი. ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი, უკრავს უნიკალურ, 1715 წლის ჯუზეპე გვარნერის ვიოლინოზე "filius Andreae", ეჟენ სარტორის ხემით.

25 აგვისტოს ის კონცერტზე შეასრულებს ანტონიო ვივალდის "წელიწადის დრონის" კადენციებს, რომელიც სპეციალურად ბაბუამისისთვის, სერვერ განიევისთვის დაწერა ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა ანტონიო პიროლიმ.

წლევანდელი ფესტივალი, საზეიმოდ ბორჯომში, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში" გაიხსნა. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ბელა ბარტოკის რუმინული ცეკვები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები და ქართული მუსიკა: რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

23 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკმა ააჟღერა მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, Tango Nuevos-ს ფუძემდებლის ასტორ პიაცოლასა და სხვათა მუსიკა.

"ღამის სერენადების" მომდევნო კონცერტები თბილისში გაიმართება. კონცერტებს 15, 17, 18 და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი - დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე - ფორტეპიანო, საქართველო; ანდრეს გაბეტა - ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტიგერი - ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; გიორგი შავერზაშვილი - ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა - ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი - ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი - სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი - კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი - მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი) და სხვ. სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას უწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები", რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს საქართველოს უმშვენიერეს მხარეში - აფხაზეთში დააარსა, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია.

1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია "არტ ალიანსი", ფესტივალის დირექტორი - ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე - მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი. მხარდამჭერები, პარტნიორები, სპონსორები ბათუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 25 აგვისტო, 20:00 წელიწადის დრონი ელვინ ხოჯა განიევი - ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) პროგრამა: ანტონიო ვივალდი - ​წელიწადის დრონი ასტორ პიაცოლა - ​ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი ნიკოლო პაგანინი - ​კაპრისი №24 ლა მინორი.

დღის ამბები