14 სექტემბერი 2024,   07:14
ვრცლად
უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევას განაგრძობს - როსტოვის ოლქში ორი ნავთობბაზა იწვის, საფრთხის გამო ფრენები შეაჩერა რუსეთის ყაზანის აეროპორტმა

რუსეთის სამხედრო ძალები უკვე მესამე დღეა სუმის რეგიონს ინტენსიურად ბომბავენ. მოსახლეობას მუდმივი შიშის ფონზე, თავშესაფრებში უწევს ცხოვრება. რუსეთის საზღვართან მდებარე რეგიონის დიდი ნაწილი უკვე ნასახლარს ჰგავს. ადგილობრივები იძულებული არიან საცხოვრებელი დატოვონ და თავი შედარებით უსაფრთხო ადგილს შეაფარონ.

იერიშები იყო ნიკოპოლის, ხერსონის, კრივოი როგის და დონეცკის მიმართულებებით. არის მსხვერპლი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

რუსეთის ტერიტორიაზე შეტევას განაგრძობს უკრაინა. როსტოვის ოლქში, ორი ნავთობბაზა იწვის. საფრთხის გამო ფრენები შეაჩერა რუსეთის ყაზანის აეროპორტმა. უკრაინა დასავლეთისგან შორ მანძილზე მოქმედ იარაღს და ამ იარაღის გამოყენების ნებართვას ითხოვს. კიევის სურვილს ცეცხლთან თამაშს უწოდებს სერგეი ლავროვი. რუსეთის პირველმა დიპლომატმა დასავლეთი და კიევი სანთლებით მოთამაშე ბავშვებს შეადარა.

საშიშროებაზე საუბრობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელიც. რაფაელ გროსკი კურსკში ჩავიდა და განაცხადა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, ამჟამად ელექტროსადგური ფუნქციონირებს, თუმცა მას არ აქვს დამცავი კედელი, რაც საარტილერიო ან დრონით დარტყმების დროს, ობიექტის ბირთვს დაიცავს.

დღეს პირველად, უკრაინამ კიროვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. სამიზნე რეზერვუარების კომპლექსი იყო. რეზერვუარები უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თავდასხმის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

 

 

დღის ამბები