16 სექტემბერი 2024,   01:17
ვრცლად
სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებულია - როგორ აღმოჩნდა ლევან გურგენიძე მაფიის სამსახურში

ლევან გურგენიძე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ორგანიზებული დანაშაულის გამოძიება ებარა, ახლა თავადაა გამოძიების სამიზნე. "კურიერის" ინფორმაციით, ლევან გურგენიძეს ჩეხეთის პროკურატურა საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. სოდის გავლენიანი მაღალჩინოსანი საქართველოდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2013 წელს წავიდა და ჩეხეთში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოში დასაქმდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ გურგენიძე პრაღაში დააპატიმრეს და ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე, ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ადასტურებს, ჩეხური მედიაც.

ლევან გურგენიძეს ახლო კავშირები აქვს უკრაინელ მაღალჩინოსნებთანაც. "კურიერის" ინფორმაციით, მას ახლო ურთიერთობა აქვს გია ლორთქიფანიძესთან. ფაქტს ადასტურებს ფოტოც, რომელიც 2022 წელსაა გადაღებული. ფოტოზე მასთან ერთად ჩანს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, რადას წარმომადგენელი, უკრაინის კრიმინალური პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.

ჩეხეთის სამართალდამცველები იკვლევენ გურგენიძის ფინანსურ კავშირებს რუს ოლიგარქთანაც. "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, საუბარია "ბინბანკის" პრეზიდენტ მიხაილ შიშხანოვზე, რომელსაც გურგენიძემ დიდი ფულის სანაცვლოდ ჩეხეთის საგამოძიებო ორგანოებში დაცული ინფორმაცია მიაწოდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ სოდის ყოფილი მაღალჩინოსანი ეჭვმიტანილია იმ დონის ინფორმაციის გამჟღავნებაში, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა ტრანსნაციონალური გამოძიება.

ლევან გურგენიძის სახელი არაერთი გახმაურებული დაპატიმრებების საქმეში გამოჩნდა. "კურიერის" არქივში ინახება კადრები. სადაც ჩანს რომ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს სოდის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ქონებების კონფისკაციასაც.

რა სასჯელი ელის ჩეხეთში ყოფილ ქართველ მაღალჩინოსანს, ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესეს.

დღის ამბები