21 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
როცა დაეცა, ოპოზიციის აქტივისტმა შეხედა და იცინოდა - ექიმი ვარ და 15 -20 წუთის განმავლობაში ვუტარებდი პირველად დახმარებას, მაგრამ ვერ ვუშველეთ - შალვა კილაძე "ქართული ოცნების" წევრის გარდაცვალებაზე

წყალტუბოში, სოფელ გეგუთში "ქართული ოცნების" წევრი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. ფაქტს წინ ოპოზიციის აქტივისტთან შელაპარაკება უძღოდა. კადრები იქვე მდებარე სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, როლანდ ნუცუბიძემ "ქართული ოცნების" წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადად ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა, რის მერეც, "ოცნების" წევრი შეუძლოდ გახდა და, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზევე დაიღუპა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დაპირისპირების დეტალებს სოფელ გეგუთის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კილაძე იხსენებს. მისი თქმით, მიყენებული შეურაცხყოფის შემდეგ, ერმილე გიგიაძე ცუდად გახდა, ოფისის კართან ჩაიკეცა და, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდოდა, ადგილზე პირველად დახმარებას თავად უტარებდა.

მისივე თქმით, პირი, რომელმაც ერმილე გიგიაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მისი ცუდად გახდომის დროს, იცინოდა.

"ერმილე გიგიაძე გამოვიდა ოფისის კარებიდან. პიროვნება, რომელიც იდგა ოფისთან, მანამდე იხედებოდა ჩვენი ოფისის ფანჯრებში და ათვალიერებდა, რა ხდებოდა. პირდაპირ დაუწყო ლანძღვა ერმილე გიგიაძეს - ეს რა გაგიკეთებიათ აქო, რატომ გააკეთეთ ეს ოფისიო, თქვენ ქვეყანას აქცევთო, ღუპავთო, ქვეყნის მომავალს კარგავთო, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, გაჩვენებთ, რაც მოხდება მერეო, თქვენ ვინ გგონივართო. რომ ვკითხეთ, ვინ ხართ-თქო, გვაჩვენებდა ამერიკის პასპორტს.

ერმილე გიგიაძე ძალიან ანერვიულდა, გამოვიდა და გახდა ცუდად, ამ კაცმა რომ გალანძღა და ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა. მე ექიმი ვარ და 15 -20 წუთის განმავლობაში ვუტარებდი პირველად დახმარებას, მაგრამ ვერ ვუშველეთ, გარდაიცვალა. შეეწირა ასეთ სიტუაციას. რომ დაეცა, ეს კაცი აქ იყო, შეხედა და იცინოდა", - იხსენებს შალვა კილაძე.

თვითმხილველის, ნიკა მავიას თქმით, აღნიშნული პირი, რომელმაც ერმილე გიგიაძეს შეურაცხყოფა მიაყენა, ადგილზე პროვოკაციის მიზნით იყო მისული.

"მოვიდა ჩვენთვის უცნობი ადამიანი პროვოკაციის მიზნით. დაიწყო მუქარა - როდესაც ჩვენი ხელისუფლება მოვა და თქვენი ხელისუფლება გადავარდება, მერე სად წახვალთ, რა გეშველებათ, როგორ იცხოვრებთ, როგორ გაჩერდებით ამ ქვეყანაშიო - გვემუქრებოდა. შემდეგ, ჩაერთო ერმილე გიგიაძე და სხვა პიროვნებები, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ გაგვცლოდა, ეცლია ჩვენთვის მუშაობა და თავისუფლად ყოფნა, მაგრამ არ მოგვეშვა. პირადობის მსგავსი მოწმობა გვანახა, ნახეთ, მე ვინ ვარო და შემდეგ, შეურაცხყოფა მოგვაყენა, თქვენ ვერც გაიგებთ, ეს რა არის, რადგან ამის განათლება არ გეყოფათო. ვთქვით კიდეც, დაანებეთ თავი ამ ადამიანს და ჩვენ დაგვანებეთ თავი-თქო, არ გვცალია შენთვის-თქო. ერმილეს გათეთრდა სახეზე. ჩემ გვერდით იდგა ეს ადამიანი, როდესაც შემოტრიალდა ერმილე გიგიაძე და, ფაქტობრივად, ხელებში ჩამაკვდა", - განაცხადა ნიკა მავიამ.

დღის ამბები