16 სექტემბერი 2024,   08:05
ვრცლად
მგლებმა, რომლებიც სოფლებს თავს ესხმიან, ინდოეთში მძინარე 4 წლის ბავშვი გაიტაცეს და მოკლეს

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში მგლები სოფლებს თავს ესხმიან. ერთ-ერთ სოფელში, დენის წასვლისთანავე მგლები გამოჩნდნენ და მძინარე 4 წლის ბავშვი გაიტაცეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, გოგონა მეორე დღეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 500 მეტრში, შაქრის ლერწმის მინდვრებში გარდაცვლილი იპოვეს.

გოგონას დედას განცხადებით, მგლები შუქის ჩაქრობიდან 2 წუთში გამოჩნდნენ, სიბნელის გამო კი გოგონას გატაცება ოჯახში ვერ შენიშნეს.

რამდენიმე დღის წინ, ახლომდებარე სოფელში მგელი 8 წლის მძინარე ბავშვის გატაცებას ცდილობდა, თუმცა დედამ ცხოველი დროულად შეამჩნია და შვილის გადარჩენა შეძლო.

აპრილიდან მოყოლებული, ინდოეთში, ბარხაიჰის რაიონში, ნეპალის საზღვართან მდებარე სოფლებში, მგლების 30-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა. მგლებმა 9 ბავშვი და ერთი ზრდასრული გაიტაცეს და მოკლეს.

დღის ამბები