19 სექტემბერი 2024,   00:17
ვრცლად
უბედნიერესი ვარ, მადლობა მერაბს - მთლიანი ერი გაგვაბედნიერე, ძმაო და შენს გულს ვენაცვალე - ლაშა ბექაური

გულშემატკივრებმა, რომლებიც ქუჩაში დილიდან გავიდნენ, ქართველი მებრძოლის გამარჯვება ოვაციებით, შეძახილებითა და ტაშით აღნიშნეს. დვალიშვილის ტრიუმფს განსაკუთრებულად ელოდა საქართველო. ფილარმონიის წინ დამონტაჟებულ დიდ ეკრანთან ასობით მოქალაქე იყო შეკრებილი.

გულშემატკივრებმა საკუთარი ემოციები "კურიერი P.S.-საც" გაუზიარეს.

"მხოლოდ მერაბ დვალიშვილის დონის ვარსკვლავებსა და პატრიოტებს შეუძლიათ, გააერთიანონ ამდენი ხალხი უბრალოდ, თავისით," - აღნიშნა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

ფილარმონიასთან შეკრებილ გულშემატკივრებს შორის იყო ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაურიც. მისი თქმით, მერაბ დვალიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.

"საოცარი ემოციაა. უბედნიერესი ვარ და მადლობა მერაბს. მთლიანი ერი გაგვაბედნიერე, ძმაო და შენს გულს ვენაცვალე. როგორც ველოდებოდი, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი," - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო, ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სამშობლოს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა. 33 წლის დვალიშვილმა, ურთულეს მეტოქესთან ბრძოლაში თითქმის ყველა რაუნდში, სრული უპირატესობა მოიპოვა. სრული კონტროლი მიწაზე და ზუსტი დარტყმები - ამ ტაქტიკით გახდა მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი. ქართველი მებრძოლისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.

 

 

დღის ამბები