19 სექტემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ბესიკ ხარძიანის მკვლელი ქართულ ციხეშია, ახლა გამოძიება დამკვეთზე უნდა გავიდეს - "კურიერი P.S.-მა", მკვლელობამდე 1 წლით წლით ადრე, ბესიკ ხარძიანის მიერ მიცემული ჩვენება მოიპოვა

ბესიკ ხარძიანის მკვლელი ქართულ ციხეშია, ახლა გამოძიება დამკვეთზე უნდა გავიდეს - ქილერს, რომელიც ქართულ მხარეს თურქეთმა გადმოსცა, უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ალაპარაკდეს. ვინ და რატომ შეუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობა? ხარძიანის ოჯახს ამ კითხვაზე პასუხი, დიდი ხანია, აქვს.

მთავარი ვერსია კუს ტბის წილებია, რომელიც, ხარძიანების მტკიცებით, ბიზნესმენს, მკვლელობამდე 4 წლით ადრე, ციხეში, წამების შედეგად დაათმობინეს. სანამ ცოცხალი იყო, ბიზნესმენი თავად ასახელებდა სახელებს და გვარებს - გია უდესიანსა და მის ნათესავ რეზო ქურასბედიანს, მათი უფლებადამცველი კი ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულ უწოდებს.

"კურიერი P.S.-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა ჩვენება, რომელიც ბესიკ ხარძიანმა წლების წინ გამომძიებლებს მისცა. ახლა ყველაზე საინტერესოა, რა ჩვენებას მისცემს მკვლელობაში ბრალდებული - გამოძიებას იმედი აქვს, რომ ქილერი შემკვეთის ვინაობას დაასახელებს.

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ოჯახს ქილერის საქართველოში ექსტრადირებამ იმედი დაუბრუნა, რომ მკვლელობის შემკვეთის დასჯაც მოახლოვდა. 9-წლიანი ძებნის შემდეგ, მკვლელი საქართველოს პროკურატურას თურქეთმა გადმოსცა.

პროფესიონალი ქილერის უვადო სასჯელის ათვლა ქართულ ციხეში უკვე დაიწყო. გასაჩივრებისთვის მას ერთთვიანი ვადა აქვს, თუმცა რას აპირებს, ჯერ არავინ იცის. არავინ იცის, დაასახელებს თუ არა პირს, რომელმაც, სავარაუდოდ, დიდი თანხის სანაცვლოდ, 2015 წელს, საქართველოში ბესიკ ხარძიანის მკვლელობა შეუკვეთა.

ვინ არის დამკვეთი - ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც, უახლოეს დღეებში, გამომძიებლები დაქირავებულ მკვლელს კითხავენ. მოკლული ბიზნესმენის ოჯახს ამ კითხავზე პასუხი, დიდი ხანია, აქვს. 

რატომ გაჩნდა ბესო ხარძიანის საქმეში საქართველოს მიერ ძებნილად გამოცხადებული გია უდესიანის გვარი - ხარძიანი, მკვლელობამდე 4 წლით ადრე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული და ამტკიცებდა, რომ ციხეშიც ბიზნესინტერესების გამო ჩასვეს. იქ კი, წამების შედეგად, კუს ტბის წილები დაათმობინეს. მოკლული ბიზნესმენი ამ ყველაფრის ორგანიზატორად გია უდესიანსა და მის ნათესავს ასახელებდა. 

"კურიერი P.S.-მა", მკვლელობამდე 1 წლით წლით ადრე, ბესიკ ხარძიანის მიერ მიცემული ჩვენება მოიპოვა:

"ჩემი დაკავება და ნარკოტიკული საშუალების ჩადება იყო ინსცენირებული გიორგი უდესიანის მიერ, ასევე #8 საპყრობილეში განვითარებული მოვლენების ორგანიზატორი იყო გიორგი უდესიანი. საბოლოოდ, მიზანი იყო ის, რაც მიიღეს, კერძოდ - ჩემი წილების გადაფორმება. დასტურდება გიორგი უდესიანის და რეზო ქურასბედიანის პარტნიორობა. ჩემი გათავისუფლების შემდეგ, გაჟღერდა მთავრობის ინიციატივა, რომ ჩამორთმეული ქონებები უნდა დაბრუნებოდა რეალურ მეპატრონეებს. ვინაიდან გამოძიება უნდა დაწყებულიყო პროკურატურაში, რეზო ქურასბედიანი შეშინდა, რომ შესაძლოა, დაკისრებოდა პასუხისმგებლობა. მოინდომა ჩემთან შეხვედრა. მითხრა, რომ გიორგი უდესიანმა მისცა მას 800 000 დოლარი, რადგან მე, თითქოს, წაგებული მქონდა თანხა, და მან, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, შეიძინა ჩემი ოჯახის წილები. მე მას ვუთხარი, რომ არანაირი თანხა არ წამიგია".

ბესო ხარძიანმა სასამართლო დავა დაიწყო. წილების დაბრუნების პროცესში, ის მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობდა.

ბესიკ ხარძიანის წამებისა და ქონების უკანონო ჩამორთმევის საქმეზე პროკურატურამ, ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ, ბრალი 2 პირს წარუდგინა. ერთ ერთი ძებნილი უდესიანია, რომელიც ბრალს არ აღიარებს და მკვლელობასთან კავშირის ვერსიას უარყოფს.

ახლა ბევრი რამ დაკავებულ ქილერზეა დამოკიდებული - უახლოეს მომავალში გაირკვევა, აპირებს თუ არა უვადო პატიმარი გამოძიებასთან თანამშრომლობას. აზერბაიჯანის მოქალაქე - 38 წლის ფარიდ გურბანოვი, საქართველოს მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში, რამდენიმე თვის წინ აიყვანეს. ის, წლების განმავლობაში, "ინტერპოლით" იძებნებოდა. დაკავებასა და ექსტრადირებას ასაჩივრებდა, თუმცა ის სტამბოლი-თბილისის რეისით ჩამოიყვანეს და გლდანის ციხეში მოათავსეს. "კურიერი P.S.-ის" ინფორმაციით, გურბანოვი ბოლო რამდენიმე წელი თავს სწორედ თურქეთს აფარებდა.

როგორ მოკლეს ბიზნესმენი - 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ყალბი პასპორტით, საქართველოში მოკავშირესთან, ოლეგ დოევთან ერთად ჩამოვიდა. თითქმის 3 თვე, სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოვრობდა და სამიზნის გადაადგილებას თანმხლებთან ერთად სწავლობდა. ქილერი და მისი მარჯვენა ხელი 28 მარტს - ბესო ხარძიანის სიცოცხლის ბოლო დღესაც ერთად გამოჩნდნენ.

დაახლოებით შუადღის 2 საათზე, ხარძიანი ვაკეში, მარაბდის 25 ნომერში, სახლში დაბრუნდა. ჩასაფრებული ქილერი მას სადარბაზოში, უკან გაჰყვა და, მაყუჩიანი იარაღით, ცეცხლი ზურგიდან გაუხსნა, რამდენიმე წამში კი, ტერიტორია მოპედით დატოვა. ბესო ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ამასობაში, მკვლელმა კეკელიძის ქუჩაზე, ფარეხთან, მოპედი და ნიღაბი დატოვა, იარაღი კი მტკვარში გადააგდო. თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, ორმხრივი ქურთუკი ლურჯი მხრიდან ჩაიცვა და გზა განაგრძო. ტაქსით, ნაქირავებ ბინაში მივიდა, საიდანაც, თანამზრახველ დოევთან ერთად, სარფის საზღვრისკენ წავიდნენ. ფარიდ გურბანოვმა მესაზღვრეები აქაც გააცურა და საზღვარი ისევ ყალბი საბუთით, ოლეკსანდრ დამეტოვის პასპორტით გადაკვეთა. გამოძიებამ ქილერისა და მისი დამხმარის ვინაობა მათი ქვეყნიდან გაპარვის შემდეგ დაადგინა.

გურბანოვი და დოევი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ბესო ხარძიანის ოჯახმა კუს ტბის წილი ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ, მალევე დაიბრუნა, ახლა კი ქილერის მოკავშირის, ოლეგ დოევის დაკავებასა და მკვლელობის შემკვეთის დასჯას ელოდება.

დღის ამბები