19 სექტემბერი 2024,   00:07
ვრცლად
მრავალჟამიერი, წინწყარო, ჩაკრულო, შენ ხარ ვენახი - 30 წლის წინ, ლონდონში შექმნილი ქართული ანსამბლი "მასპინძელი", რომელიც ბრიტანელებმა ჩამოაყალიბეს

30 წლის წინ, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ქართული ანსამბლი შეიქმნა - თითქოს, ამაში, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ანსამბლი ბრიტანელებმა ჩამოაყალიბეს, სახელად "მასპინძელი" დაარქვეს და ქართული რეპერტუარის შესწავლა დაიწყეს. ბერნარდს, ზაკას და პოლს იდეა მაშინ გაუჩნდათ, როცა ქართული მრავალხმიანი სიმღერა პირველად მოისმინეს. მაშინ გაჩნდა საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარულიც.

"მრავალჟამიერი", "წინწყარო", "ჩაკრულო", "შენ ხარ ვენახი" - ეს ის სიმღერებია, რომელიც ჩვენს ისტორიას ჰყვება. მარტივი არც მელოდიაა და არც ტექსტი, მით უმეტეს - უცხოელისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართული კულტურის სიყვარულმა ბრიტანელებს ეს შეაძლებინა.

3 ათწლეულის წინ შექმნილი ანსამბლი საქართველოშია - ინგლისელი მომღერლები ბათუმში, საერთაშორისო ფესტივალისთვის "ზღვა და ქართველებისთვის" ჩამოვიდნენ.

ბერნარდ ბერნსი და ზაკა ამანი გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე შექმნილ კომპოზიციას ისე ასრულებენ, თითქოს მშობლიური იყოს - ინგლისელი მომღერლების მრავალფეროვანი რეპერტუარი აერთიანებს როგორც ქალაქურ, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ სიმღერას.

ბერნარდ ბენსი ანსამბლის ხელმძღვანელია, ზაკა ამანი კი ბრიტანელებს ქართული მუსიკის შესწავლაში ეხმარება. პროფესიით მასაჟ-თერაპევტია, როცა ტროპიკულ ქვეყნებშია ყვინთვის ინსტრუქტორად მუშაობს, თუმცა თავისუფალ დროს სულ მღერის. "მასპინძელი" – ლონდონში მასპინძლობს ყველას, ვისაც უნდა, რომ ქართული მუსიკა და კულტურა შეიყვაროს. გაერთიანებულ სამეფოში, ბიგ-ბენის მახლობლად მცხოვრებლები, თვეში რამდენჯერმე იკრიბებიან და მათთვის უცხო ენაზე, ყველაზე რთულად შესასრულებელ კომპოზიციებსაც მღერიან და - არა მხოლოდ დარბაზში, სუფრასთანაც.

ქართული სუფრის ტრადიციებიც მალევე შეისწავლეს და აითვისეს. სიმღერებს შორის ქართული სადღეგრძელოების თქმაც არ ავიწყდებათ. ქართული ტრადიციული სამოსიც მოირგეს და საქართველოც მათ წარმოსახვაში ამ ქართულ სიტყვებთან ასოცირდება.

სწავლობენ ქართულ ენასაც - არცთუ ისე უშედეგოდ. საქართველომ მათ ქართული ფეხბურთიც შეაყვარა და ქართული გულშემატკივრობაც.

თინათინ შერვაშიძე ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის "კურიერი P.S.-ს" მოუყვა, როგორ დააინტერესა, წლების წინ, საქართველოდან ჩასულმა ორმა ქართველმა ინგლისელი მასპინძლები ქართული სუფრითა და მუსიკით.

დღის ამბები