14 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
"ვინანიებ ჩადენილს, არაფერი მაქვს სათქმელი" - მამაკაცს, რომელმაც 21 წლის გოგოს 59 ჭრილობა მიაყენა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

"ვინანიებ ჩადენილს, არაფერი მაქვს სათქმელი," - ამ სიტყვებით დაარღვია ოთარ ცინდელიანმა 7 თვიანი დუმილი და მის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულზე საუბარი ბოლო სხდომაზეც აღარ ისურვა. განაჩენი ცნობილია - 21 წლის ბრალდებულს, უვადო პატიმრობა, 21 წლის შეყვარებულის, ქეთი ჯავახიშვილის გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის გამო მიესაჯა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს უვადო პატიმრობის შეფარდების მიზეზებზეც ისაუბრა.

განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა დაცვის მხარემ. ადვოკატები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ცინდელიანს დანაშაული არც განსაკუთრებული სისასტიკით და არც გენდერის ნიშნით ჩაუდენია. უფლებადამცველებს დარბაზშივე უპასუხა საქმის პროკურორმა.

განაჩენის მოსასმენად, სასამართლოში მივიდა მოკლული ქეთი ჯავახიშვილის დედაც, თუმცა პროცესი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ დატოვა. ერთადერთი მოთხოვნა, რაც 21 წლის გოგოს ოჯახს ჰქონდა, ბრალდებულის უმკაცრესად დასჯა იყო.

განაჩენი მოისმინეს, თუმცა სხდომათა დარბაზი განმარტებების გარეშე დატოვეს ცინდელიანის ადვოკატებმა. ერთადერთი მხარე, რომელმაც საქმის გარემოებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, სახელმწიფო ბრალდება იყო. პროკურორი, რომლის მტკიცებულებებიც სასამართლომ სრულად გაიზიარა, მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანი იყო.

21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს სასტიკად მოკლეს. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია. ახალგაზრდა ქალს, ცივი იარაღით 59 ჭრილობა, სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ცინდელიანი ჯერ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რამდენიმე საათში კი, საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა. პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

დღის ამბები