01 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
დანიაში მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უილიამ შექსპირის "ოტელო" წარადგინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, დანიის თეატრში "ავენი-ტი“, მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა უილიამ შექსპირის "ოტელო" (რეჟისორები დ. ხვთისიაშვილი და გ. მარღანია).

სპექტაკლმა ევროპელი მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი არის უილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედიის უჩვეულო ვერსია - თოჯინური სპექტაკლისა და ცოცხალი შესრულების სინთეზი. "ოტელოს“ თბილისური პრემიერა 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა. სპექტაკლი მიეძღვნა კოტე მარჯანიშვილის დაბადების 150 და პეტრე ოცხელის დაბადების 115 წლის იუბილეებს. თოჯინებიცა და დეკორაციაც პეტრე ოცხელის ესკიზების მიხედვით არის დამზადებული, რომლებიც მხატვარმა კოტე მარჯანიშვილის „ოტელოსთვის“ თითქმის ერთი საუკუნის წინ შექმნა.

შეგახსენებთ, რომ დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები იმართება. პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური, თეატრალური და კინოხელოვნების წარმოჩენას. მომდევნო სამი დღის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებულია ქართული კინოს რეტროსპექტივა.

დღის ამბები