პრეზიდენტის ახალი იდეა ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციისთვის - კოალიციის ნაცვლად ტექნიკური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს. როგორ უნდა შექმნას სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია ფრაგმენტირებულ ოპოზიციასთან - ამ კითხვით "ევროინიუსი" დაინტერესდა.
ინტერვიუში პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს სირთულეს წარმოადგენს და კოალიციის შექმნა, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად შეუძლებელია.
"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ 4 წლიანი სტაბილურობის ნაცვლად, ზურაბიშვილი და ოპოზიცია საზოგადოებას 1 წლიან ქაოსს სთავაზობს.
"ის, რომ ოპოზიცია დასუსტებულია, ამას აღიარებს "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ რაღაც ტექნიკური მთავრობა, დროებითი პარლამენტი უნდა იყოს და ა.შ. ჯერ ერთი, ამათი უსუსურობა და უაზრობა იმაშიც ჩანს, რომ რას ნიშნავს დროებითი პარლამენტი? მერე - 6 თვეში თუ 3 თვეში, სხვა ხალხი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში? ის ხალხი, რომელიც ახლა იღებს მონაწილეობას, როგორც დააკომპლექტებს პარლამენტს, რატომ ახორციელებენ ზეწოლას და ეუბნებიან, რომ 3 თვეში სხვანაირი უნდა დააკომპლექტონ? თუ შეიცვლება მოქალაქეების რაოდენობა, მოქალაქეები გაიზრდებიან თუ როგორაა? ამაზეც ემჩნევათ, რომ მათ არ სურთ ხალხის გადაწყვეტილების გათვალისწინება და პირდაპირ უნდათ, რომ ის პოლიტიკური ძალა იყოს ხელისუფლებაში, რომელსაც თვითონ მიიჩნევენ, მაგრამ არ გამოვა ასე," - აცხადებს მაჭარაშვილი.