ახლო აღმოსავლეთში დაძაბულია ვითარებაა. ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად, საბრძოლო მზადყოფნაშია ისრაელი, - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა გააკეთა.
დანიელ ჰაგარის თქმით, 7 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალები იერიშებისთვის მზადაა.
რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას; აფეთქებების ხმა ისმოდა ბეირუთში. ბოლო 24 საათში, ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა და 130-მდე დაიჭრა.
ამ ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს. მიზეზი ემანუელ მაკრონის განცხადება გახდა, სადაც ის ამბობს, რომ უნდა შეწყდეს ისრაელისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც ღაზის კონფლიქტში გამოიყენებენ.
"ყველა ცივილიზებული ქვეყანა მტკიცედ უნდა იდგეს ისრაელის გვერდით. თუმცა, პრეზიდენტი მაკრონი და ზოგიერთი სხვა დასავლელი ლიდერი ახლა მოუწოდებენ ისრაელზე იარაღის ემბარგოსკენ, სირცხვილი მათ! ირანი აწესებს იარაღის ემბარგოს "ჰეზბოლაზე", ჰუსიტებზე, "ჰამასზე" და მის სხვა მოკავშირეებზე? რა თქმა უნდა, არა. ეს ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც თითქოს ეწინააღმდეგებიან ამ ტერორის ღერძს, მოუწოდებენ ისრაელზე იარაღის ემბარგოსკენ. ისრაელი გაიმარჯვებს, მათი მხარდაჭერით, თუ - მის გარეშე. დარწმუნებული იყავით, რომ ისრაელი იბრძოლებს გამარჯვებამდე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.