22 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
"ბოდვა ის არის, რომ საქართველოს კურსი არის ჩრდილოეთისკენ და არა დასავლეთისკენ" - ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის 13 ქვეყნის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა 13 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იქნება მანამ, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი, კომენტარი "დღის კურიერის" ეთერში გააკეთა.

მან უპასუხა "დღის კურიერის" კითხვას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მმართველი გუნდისთვის ჩანაწერი: "ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია, ან ბოდვაა, ან უბრალოდ სიცრუეა."

"ბოდვა ის არის, რომ საქართველოს კურსი არის ჩრდილოეთისკენ და არა დასავლეთისკენ. ეს ჩვენ კონსტიტუციითაც გამყარებული გვაქვს - 78-ე მუხლით. რატომ არ მოაყოლეს, მაგალითად, მაგ განცხადებას, რას ეყრდნობა ეს ყველაფერი? ახსენებენ, რომ დემოკრატიის უკუსვლააო, უნდა გაუქმდეს "გამჭვირვალობის კანონიო" - მოსახლეობას შევახსენებ, ამ "გამჭვირვალობის კანონზე" რასაც ამბობდნენ, თვეების წინ ჩელიაბინსკში უნდა გაგვეღვიძა და დღეის მდგომარეობით, გაუქმებული უნდა ყოფილიყო ოპოზიციური მედიასაშუალებები, რადიკალური "ენჯეოები", რატომ არ მოხდა ეს ასე? იმიტომ, რომ იტყუებოდნენ. ვინც ამაში ჩართული იყო, შიდა თუ გარე აქტორი, აბსოლუტურად ყველა ცდილობდა, რომ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, პირდაპირ ეთერში, ზუსტად სამჯერ შესთავაზა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებს, ღია დისკუსია გავმართოთო, მარტო დაგიჯდებით და მოდით, მოსახლეობას მოვასმენინოთო, თქვენ წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტები - რომელ ნაწილში არ შეესაბამება ეს კანონი ევროპულ ღირებულებებსო, - სამწუხაროდ, ასეთი შეხვედრა ვერ მოხდა, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ არგუმენტები ფიზიკურად არ არსებობს.

იმ 13 ქვეყნის განცხადებაში ისიც არის, რომ ანტი ლგბტ კანონიც არ მოსწონთ - ვინც ტოლობის ნიშანს სვამს ევროპასა და ლგბტ პროპაგანდას შორის, ჩემი მოკრძალებული აზრით, სრულიად აცდენილია რეალობას და არ იცის, რეალურად, ევროპა და ევროპული ღირებულებები რაც არის - ის ეფუძნება ქრისტიანულ ღირებულებებს და მაგიტომ მივიჩნევთ ჩვენ თავს ამ სივრცის ნაწილად. მადლობა იმ 14 ქვეყანას, რომელიც ამას არ მიუერთდა", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები