22 ოქტომბერი 2024,   03:04
ვრცლად
უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის სიმბოლური იმპიჩმენტისთვის ემზადება - 9 ახალი ეპიზოდისგან შემდგარი სარჩელი მზადაა

საპარლამენტო უმრავლესობის 81 დეპუტატის ხელმოწერით და თანხმობით სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი შედის. ამჯერადაც, მას ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევას და მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ედავებიან. პრეზიდენტის წარმომადგენლებს ზურაბიშვილის პოზიციის დაცვა 9 ახალ ეპიზოდთან დაკავშირებით მოუწევთ. საკონსტიტუციო წარდგინება მზად არის, ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია და ახლა დოკუმენტი სასამართლოს უნდა ჩაბარდეს.

პრეზიდენტის მხრიდან უნებართვო ვიზიტებში ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს. პოლიტიკურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის პროცესის მომდევნო მოწვევის პარლამენტში ვერ დაიწყება, რადგან ამისთვის საჭირო ხმები ”ქართულ ოცნებას” არ ექნება.

”ქართული ოცნებისთვის” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური დატვირთვა აქვს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ისედაც ეწურება, თუმცა
მათთვის მნიშვნელოვანია მას თანამდებობიდან იძულებით გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი დარჩეს.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოს უახლოეს დღეებში ჩაბარდება. წარდგენების დასაშვებად ცნობის შემდეგ კი ერთი თვის ვადაში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს.

 

დღის ამბები