22 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
"ყველამ, შინ და გარეთ, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა, რეზოლუციებმა, განცხადებებმა" - შალვა პაპუაშვილი 13 ქვეყნის განცხადებაზე

შეურაცხყოფა და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრების ერთობლივ განცხადებას. სამთავრობო გუნდი აქვე ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ 14 ქვეყანა გამოქვეყნებულ ტექსტს არ შეუერთდა.

ევროპელი მინისტრების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს. "ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა," - წერია ერთობლივ ტექსტში.

"ქართული ოცნება" განცხადების ავტორებს მოუწოდებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება მსგავსმა მოწოდებებმა, რეზოლუციებმა თუ განცხადებებმა გამოიწვიოს.

"სიტყვების ჰაერში სროლა მარტივია, სიტყვებით გამოწვეულ ტყვიების სროლაზე პასუხისმგებლობას კი ყველა ემალება. უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი საქართველოს მოსახლეობამ უკვე ნახა 1990-იან წლებში, 2008 წელს და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენჯერ. ყველამ, შინ და გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა, რეზოლუციებმა, განცხადებებმა. მადლობა ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანას, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკუთარ როლს და არ შეუერთდა ამ განცხადებას. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტს, რომელიც ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენით საქართველოს არჩევნებში ჩარევაა, ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება თავად გააკეთო საქართველოში. რაც შეეხება "ბოდვას" - ბოდვა ისეთი უნდა, წამების სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას რომ მოსთხოვ საქართველოს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები