22 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
"ვინც ამბობს, რომ საქართველოს აქვს ანტიდასავლური კურსი, ვინც არ უნდა ამბობდეს, ის ამბობს ტყუილს" - მამუკა მდინარაძე 13 ქვეყნის განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა , სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს.

"ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა," - წერია ერთობლივ ტექსტში.

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს არის არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ მისი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფა.

"პირველად ხდება, რომ ოფიციალური სტრუქტურები ბოდვას უწოდებენ რომელიმე სახელმწიფოს განცხადებებს, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის, ამ ქვეყნის. ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია, რომ ამას არ წამოვეგოთ.

როცა ევროკავშირის წესებზე ვსაუბრობთ, მე ვიძლევი გარანტიას, სანამ ცოცხალი ვიქნები, მე პირადად, და დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა ასე ფიქრობს, ვიბრძოლებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დავექვემდებაროთ ევროკავშირის იმ წესებს, რომელიც ქართულ წესებს არ ეწინააღმდეგება. ვინც ამბობს, რომ საქართველოს აქვს ანტიდასავლური კურსი, ვინც არ უნდა ამბობდეს, ის ამბობს ტყუილს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები